ექვსი მედალი მსოფლიოს პირველობაზე - მუკბანიანს ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველმა სამბისტებმა ექვსი მედლით დაასრულეს. სამწუხაროდ უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება ვერ მოხერხდა, თუმცა სამაგიეროდ ჩვენი ქვეყნის დელეგაციის ანგარიშზე 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალია, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.
საუკეთესო შედეგი ავთო მუკბანიანმა (64 კგ) აჩვენა, რომელიც სპორტული სამბოს შეჯიბრებაში ფინალამდე მივიდა, სადაც მონღოლ მეტოქესთან დამარცხდა. საპრიზო მესამე ადგილი საბრძოლო სამბოში - ლუკა წიქვაძემ (79 კგ), ელენე ქებაძემ (+80 კგ) და გიორგი ეგნატაშვილმა (88 კგ), სპორტულ სამბოში - ვახტანგ ჩიდრაშვილმა (58 კგ), ხოლო პარასამბოში - მიშიკო შიობრიშვილმა (79 კგ) დაიკავეს.
ცნობისათვის, სამბოს წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს დელეგაციისთვის სხვა ფაქტითაც იყო გამოსარჩევი - ზურაბ კახაბრიშვილი სპორტის ამ სახეობის მსოფლიო ფედერაციის სამედიცინო და ანტიდოპინგური კომისიის ხელმძღვანელად აირჩიეს.