ჩემპიონი და 13 მედალი - სამბოში კონტინენტის პირველობა დასრულდა
თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველმა სამბისტებმა 13 მედლით დაასრულეს. თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ კონტინენტის 34 ქვეყნის 300-მდე გამორჩეულ სპორტსმენს უმასპინძლა და მსგავსი ურთულესი კონკურენციის პირობებში, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 1 ოქროს, 5 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
საუკეთესო შედეგი ავთანდილ მუკბანიანმა აჩვენა, რომელიც 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. გამარჯვებამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ მირზა ციხელაშვილი (58 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ), ნინო ოძელაშვილი (72 კგ), ლუკა წიქვაძე (79) და ნიკოლოზ სიდამონიძე (98 კგ), ხოლო მარიამ ლაფაჩიშვილი (54 კგ), ირაკლი ტალახაძე (64 კგ), ჯაბა თურქია (71 კგ), ელენე ქებაძე (+80 კგ), გიორგი ეგნატაშვილი (88 კგ), ბექა ძაგანიშვილი (88 კგ) და გიორგი ქავთარაძე (+98 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
შეგახსენებთ, რომ სამბოში ევროპის ჩემპიონატს საქართველომ ისტორიაში მეორედ უმასპინძლა - პირველად ჩვენს ქვეყანაში ეს ტურნირი 18 წლის წინ, 2008 წელს ჩატარდა.