ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალის მსაჯები ცნობილია!
Aa
Aa
7 მაისი 2018  |  14:29

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალის მსაჯები ცნობილია!

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის ფინალური შეხვედრის მსაჯთა ბრიგადა დაასახელა.

"რეალისა" და "ლივერპულის" გადამწყვეტ შეხვედრას სერბი რეფერი მილორად მაზიჩი იმსაჯებს, რომელსაც თანამემემულეები მილოვან რისტიჩი და დალიბორ ჯურჯევიჩი დაეხმარებიან, მე-4 სათადარიგო არბიტრის ფუნქციას კი ფრანგი კლემენ ტურპენი შეასრულებს.

მაზიჩი 45 წლისა და ფიფას კატეგორიის რეფერი 2009 წლიდან გახლავთ, ხოლო უეფას ეგიდით გასამართ შეხვედრებს 2013 წლიდან უძღვება. მან წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 4 თამაში იმსაჯა, გასულ სეზონში კონფედერაციის თასის ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი იყო, ასევე 2016 წელს უეფას სუპერ თასის დაპირისპირება განსაჯა.

სერბი რეფერი 2014 წლის მსოფლიოსა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატებზე გახლდათ მიწვეული. იგი მომავალი მუნდიალის მთავარ მსაჯთა ჩამონათვალშიც ფიგურირებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 26 მაისს კიევის "ოლიმპიურ სტადიონზე" გაიმართება.

რაც შეეხება ევროპა ლიგის ფინალს, მას ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც 45 წლის ბიორნ კუიპერსი უხელმძღვანელებს. ხაზის მსაჯები კი სანდერ ვან როეკელი და ერვინ ზეინსტრა იქნებიან. მე-4 სათადარიგო არბიტრად პოლონელი შიმონ მარცინიაკი მოგვევლინება.

კუიპერსს ევროპა ლიგის ფინალური მატჩის განსჯა მეორედ მოუწევს. მან 2013 წლის სატიტულო შეხვედრაში იმსაჯა, როცა "ჩელსიმ" "ბენფიკა" დაამარცხა.

ზოგადად, კუიპერსი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ავტორიტეტული რეფერია. მას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის წოდება 2006 წელს მიანიჭეს, 2014 წელს კი "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალს უძღვებოდა.

მილორად მაზიჩის მსგავსად, რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე კუიპერსიც გაემგზავრება.

"ატლეტიკოსა" და "მარსელს" შორის, ევროპა ლიგის ფინალური მატჩი 16 მაისს, ლიონში, "სტად დე ლიონზე" ჩატარდება.

ასევე იხილეთ - FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის მსაჯები დაასახელა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები