ბრძოლისთვის ჯერ მზად არაა | თოფურიას მწვრთნელის კომენტარი
ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, ხესუს გალიო, ამბობს, რომ დანა უაითის ბოლოდროინდელი კომენტარების მიუხედავად, ილია საბრძოლველად მზად არ არის:
„ეს ჩემთვის სიახლეა. არ ვიცი, რას გულისხმობს [დანა] ან რა ინფორმაციას ეყრდნობა მსგავსი განცხადების გასაკეთებლად. ამჟამად ჩვენ ორიენტირებულები ვართ ვარჯიშის დაწყებასა და საწვრთნელი ბანაკის აღდგენაზე. ამ ეტაპზე ჩვენი ფოკუსი [ბრძოლაში დაბრუნება] არ არის. სიმართლე გითხრათ, [ილია] მართლაც საოცრად კარგად პროგრესირებს, მაგრამ რეალური საწვრთნელი ბანაკი ჯერ კიდევ არ დაგვიწყია. სინამდვილეში, MMA-ში ვარჯიშები ჯერ არ ჩაგვიტარებია''.
ილიას მენეჯერი მალკი კავა UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის სიტყვებს გამოეხმაურა. უაითმა „ელ მატადორის“ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის ჯასტინ გეიჯის ვარიანტიც მოსწონს და პედი პიმბლეტისიც.
„ჩვენ რევანშის აღება გვინდა. 1000 პროცენტით“, — განაცხადა კავამ უაითის სიტყვების საპასუხოდ.
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ერთ-ერთი YouTube-შოუს ეთერში ილია თოფურიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ოქტაგონში დაბრუნებისთვის მზადაა, თუმცა ორგანიზაციას მის მომდევნო მეტოქესთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ვინ იქნება მისი მეტოქე - ჯასტინ გეიჯი თუ პედი პიმბლეტი? მე ორივე ვარიანტი მომწონს. ჩვენ ორივე შემთხვევაში ბედნიერები ვიქნებით. ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, გეიჯისთან რემატჩი საოცარი იქნებოდა. პედი-ილიას ჩხუბიც შესანიშნავია, მათ ხომ ერთმანეთი სძულთ“.
თოფურიას მომავლის გარშემო უცხოურ პრესაში ბევრი იწერება. დემეტრიუს ჯონსონთან ინტერვიუში გეიჯიმ აღნიშნა, რომ არ იცის, ოქტაგონში ოდესმე დაბრუნდება თუ არა. ერთადერთი, რაც „ჰაილაითმა“ იცის, ისაა, რომ 2026 წელს აღარ იჩხუბებს, რადგან აღდგენა და ძალების მოკრება სჭირდება.