„პირველ თამაშში საშინელი მსაჯობა იყო...“ - დემჩენკოს პრესკონფერენცია
ხვალ, უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „იბერია 1999“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პოლონურ „იაგელონიას“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „იბერია 1999“-ის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა დემჩენკომ:
„ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, რომ პირველი თამაშის შემდეგ სრული რეაბილიტაცია მოვახდინოთ ქომაგებისა და ქართული ფეხბურთის წინაშე. პირველ მატჩში ცუდად არ გვითამაშია და ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, ამაზე გავლენა მსაჯობამაც იქონია. სენსაციები ფეხბურთში მრავლად არსებობს და უნდა გვჯეროდეს, რომ ასეთი სენსაციის მოხდენა ჩვენც შეგვიძლია.
პენალტი ნამდვილად საეჭვო ეპიზოდში დაინიშნა. ვფიქრობ, რაც პირველ 25 წუთში ვაჩვენეთ, კარგი იყო და სამწუხაროდ, არ გვეყო თავდაჯერება, რომ ეს 90 წუთი გაგვეგრძელებინა, არ დავიჯერეთ. რა თქმა უნდა, საკუთარ თავთანაც კრიტიკული ვარ, რადგან რაღაცები ვერ შევცვალე, მაგრამ ის ფაქტი, რომ 90 წუთი ასე თამაში არ შეგვიძლია, ჩვენი მინუსია. ამიტომ მეტი თავდაჯერება გვმართებს.
სამწუხაროდ, ბართიშვილს ტრავმა აქვს და ვერ ითამაშებს, ბედოშვილი კი ბოლომდე გამოჯანმრთელებული პირველ მატჩშიც არ იყო და მისი მდგომარეობით გავრისკეთ, ახლა კი ვერ ითამაშებს. იმედი მაქვს, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ხვალ ჩემს განკარგულებაში იქნებიან, წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
ჯინჯოლავა უფრო შემტევი ფეხბურთელია და წარსულში, უფრო წინ თამაშობდა. მაგრამ ახლა რა სქემასაც ვიყენებთ, ის ნაკლებად ეფექტურია შეტევაში. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ პოზიციაზეც კარგად ეხმარება გუნდს.
ვარჯიშის დროს სტანდარტულ მდგომარეობებზე ვმუშაობთ და გარკვეული ჩანაფიქრები გვაქვს. თამაშის დროს ეს ყოველთვის არ მოქმედებს. სამომავლოდ, ამ კომპონენტს გავაუმჯობესებთ.
იბერია 1999 პირველი გუნდია, რომელმაც ჩემი ფილოსოფია ყველაზე სწრაფად აითვისა. წარსულში ვმუშაობდი ბათუმის დინამოში, დილაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ასე სწრაფად არავინ გამომყოლია. ამის გამო, ფეხბურთელები დიდ კომპლიმენტს იმსახურებენ. ის პროგრესი, რაც ბოლო სამ კვირაში გვქონდა, ნამდვილად დასაფასებელი და სამაგალითოა. სხვა გუნდებში ეს როგორც წესი თვენახევარსა, ან ორ თვეში მომყვებოდნენ. რა თქმა უნდა, ჯერ ბოლომდე არ არის გუნდი მორგებული ჩემს ხედვას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე სრულყოფილი იქნება.
ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას გუნდურად ვიღებთ. არსებობს პრეზიდენტი, დირექტორი... ერთად ვსაუბრობთ და საუკეთესო ვარიანტს ვეძებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კლუბის ფინანსური მდგომარეობა და საბოლოოდ, აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას. მე მაქვს ჩემი წარმოდგენა, რომელსაც ყველა განვიხილავთ და საუკეთესო ვარიანტს ვარჩევთ. რაც შეეხება ახალწვეულებს, მათ კარგი ხარისხი აქვთ. თავის გამოჩენის შესაძლებლობა ჯერ არ მისცემიათ, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში ექნებათ ამის შანსი. ზოგადად, ჩემი მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ.
ვფიქრობ ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები. 85-90%-ით იმ დონეზე ვართ, რომელზეც ვისურვებდი. რა თქმა უნდა, ეს სრულყოფილი არ არის, მაგრამ არ მგონია, რომ ამ კუთხით პრობლემა გვქონდეს.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი „იაგელონიას“ გამარჯვებით, 4:0 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი 27 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.