იბერია 1999, იაგელონია
Aa
Aa

„მარტივი თამაში არ იქნება. მოსაგებად ვიბრძოლებთ“ - იაგელონიას მწვრთნელი

ხვალ, უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „იბერია 1999“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პოლონურ „იაგელონიას“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან სიემენიეცმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

„გარკვეული კომპონენტების გაუმჯობესება მსურს, იმის მიუხედავად, რომ ასეთი მაღალი სხვაობით მოვიგეთ. ამ თამაშზე არ ვფიქრობთ და მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები. გვინდა გავაუმჯობესოთ პრესინგი, ამით კმაყოფილი არ ვიყავი. ვფიქრობ, რთული თამაში იქნება, გვინდა დავამტკიცოთ, რომ ევროპა ლიგაზე თამაშს ვიმსახურებთ და აუცილებლად, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

მსაჯების გადაწყვეტილებების განსჯა ჩემი სტილი არ არის. ყურადღებას იმაზე ვამახვილებ, რისი გარჩევაც მხოლოდ მე შემიძლია. ამიტომ, პირველ შეხვედრაში მსაჯების გადაწყვეტილებებზე ვერაფერს ვიტყვი.

არ ვფიქრობ, რომ პირველი თამაშის სხვაობა გუნდებს შორის დონეებს განსაზღვრავს. იბერია სახიფათო გუნდია და რამდენიმე პრობლემა შეგვიქმნა. რთულია ერთი თამაშის შედეგის საფუძელზე ორ გუნდს შორის სხვაობაზე ლაპარაკი. იმას აღვნიშნავდი, რომ ხვალ ბევრად უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე პირველ მატჩში.

თანაბარ თამაშს ველოდები. ვფიქრობ, კარგად იციან თავიანთი თამაშის კონცეფცია და ენერგიულად დაიწყებენ. პირველივე წუთიდან მზად უნდა ვიყოთ შეტევებისთვის და ჩვენს შანსებს დაველოდოთ.

რთულია ახლა იმის თქმა, თუ რამდენად არის იბერია ლიგის ფაზაში სათამაშოდ მზად. ასეთ მაღალ დონეზე თამაშს არამხოლოდ ტაქტიკური და ფიზიკური შეფასება, არამედ გარკვეული გამოცდილებაც სჭირდება. მაგრამ ამ გამოცდილებად სწორედ ლიგის ფაზაში თამაშით მიიღებენ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მოხვედრა იბერიასთვის და ქართული ფეხბურთისთვის უკვე დიდი წარმატებაა.“

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი „იაგელონიას“ გამარჯვებით, 4:0 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი 27 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები