ეს მთავარი განსხვავება იყო | სიხარულაშვილი იაგიელონიასთან მარცხზე
ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველ მატჩში პოლონურმა იაგიელონიამ შინ იბერია 4:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ იბერიას მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოსთან ერთად პრესკონფერენციაზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ სიხარულაშვილი იმყოფებოდა.
ნიკოლოზ სიხარულაშვილი: „კარგი დასაწყისი გვქონდა, პრესინგს ინტენსიურად ვახორციელებდით და თავდაჯერებულად ვთამაშობდით. კარგი მომენტები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ, მეტოქემ კი თავისი შანსები გამოიყენა. მთავარი განსხვავება სწორედ ეს იყო. ყველაფერი გავაკეთეთ, დასაწყისი კარგი გვქონდა, მაგრამ მოგვიანებით მეტოქე უკეთესი იყო.
ვფიქრობ, პოზიტიური კომენტარები წინა შედეგებიდან გამომდინარეობს. ხალხს დავაჯერეთ, რომ კარგი გუნდი გვყავს, რომელიც ევროპულ ფეხბურთს თამაშობს. მინდა, საპასუხო მატჩზე რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოვიდეს, რადგან მათთვის ვითამაშებთ.“
საპასუხო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 27 აგვისტოს გაიმართება, 20:00 საათზე დაიწყება.