„ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს, მაგრამ...“ - როგორია მესხზე დაშავებული პოლონელი ფანის მდგომარეობა
გასული კვირის ხუთშაბათს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პოლონურ „იაგელონიას“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში კი დუელი 6:1 დათმო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტადიონზე სამწუხარო ინციდენტი მოხდა. „იაგელონიას“ ფეხბურთელები გამარჯვებას თავისი გულშემატკივრების ტრიბუნასთან აღნიშნავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი გულშემატკივარი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. მას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რამდენიმე წამში დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, შემდეგ კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
მომხდარიდან მეორე დღეს, „იაგელონიას“ ფან-კლუბმა Dzieci Białegostoku („ბელოსტოკის ბავშვები“) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დაშავებული გულშემატკივარის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ ის კვლავ საქართველოშია და სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას.
რა წერია განცხადებაში:
„ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო გასვლითი შეხვედრა ყველასთვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა. უბედური შემთხვევის შემდეგ, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი ძმა ტრიბუნიდან გადმოვარდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ბეტონის ზედაპირზე დაეცა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღემდე რჩება.
თავდაპირველად მას სიცოცხლის გადამრჩენელი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან მიიღო შინაგანი დაზიანებები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანდა.
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მას ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული. სხვადასხვა ნეიროქირურგთან და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდა, რომ ხერხემლის ოპერაცია საჭირო არ იქნება.
ყოველდღიურად „რიბა“ სულ უფრო აქტიური ხდება. დღეს უკვე წამოჯდა კიდეც. ბიჭი მოუთმენლად ელის ჩვეულ ცხოვრებაში დაბრუნებას, რათა კვლავ შეძლოს გასვლით თამაშებზე გამგზავრება.
თუმცა, მას წინ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია, რომ საბოლოოდ დატოვოს საავადმყოფო და დაბრუნდეს პოლონეთში, სადაც მკურნალობის გაგრძელებას შეძლებს.
დიდი შანსია, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდეს.
მთელი „იაგა“ მოკითხვას უგზავნის „რიბას“ და უსურვებს მას ჯანმრთელობას, მოთმინებასა და გამძლეობას!
გამაგრდი, კაროლ და დაგვიბრუნდი სრულად გამოჯანმრთელებული“.