ჩემპიონი თასს დაემშვიდობა - იბერია სამტრედიაში დამარცხდა
„იბერია 1999“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს გამოეთიშა. Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მოქმედი ჩემპიონი, რომელიც სულ მალე უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩაერთვება, სტუმრად „სამტრედიასთან“ 0:2 დამარცხდა და მეოთხედფინალს მიღმა დარჩა.
ფაქტია, რომ „იბერიას“ კარგი დროება არ უდგას, რადგან „ლარნის“ დამატებით დროში დამარცხებას თუ არ ჩავთვლით, დედაქალაქელებმა ყველა ტურნირზე ბოლო მატჩი 24 ივლისს, თასზე „მარგვეთთან“ მოიგეს და მას შემდეგ გამარჯვებას ზედიზედ რვა თამაშია ვერ ახერხებენ. კახა კალაძის სახელობის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გამართულ შეხვედრაში „სამტრედია“ 26-ე წუთზე ცოტნე ჩიქოვანმა დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ლუკას ბარიოსმა დააფიქსირა.
მომდევნო შეხვედრას „სამტრედიელები“, რომლებიც Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მეშვიდე ადგილს იკავებენ, 7 სექტემბერს, სტუმრად „თელავთან“ გამართავენ. რაც შეეხება „იბერია 1999“-ს, ანდრეი დემჩენკოს მომზადებული გუნდი 5 სექტემბერს, საკუთარ სტადიონზე „სამგურალს“ უმასპინძლებს.