რასაც მინდა იმას ვჭამ! ეს ჩემი ცხოვრებაა - ინტერვიუ სალაჰთან
Aa
Aa

რასაც მინდა იმას ვჭამ! ეს ჩემი ცხოვრებაა - ინტერვიუ სალაჰთან

მოჰამედ სალაჰმა იმაზე საუბარი დაიწყო თუ რას ნიშნავს, როდესაც „ლივერპულის“ ლიდერი ხარ და ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა, რომ ამით ის არანაირ წნეხს არ განიცდის და პირიქით მისთვის ეს ძალიან ადვილია.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სალაჰმა „რომასთან“ გამართულ შეხვედრაში (5:2) 2 გოლი გაიტანა, რასაც 2 საგოლე გადაცემაც მიამატა. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სალაჰი კარიერის პიკზე იმყოფება. ეგვიპტელმა CNN-თან ლივერპულში თავის როლზე და იმაზე ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სწორი კვება.

„სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს თითქმის თამაშის ნაწილია. სწორი კვება ტრავმის შემთხვევაში სწრაფად გამოჯანმრთელებაში, ძილსა და სხეულის განვითარებაში მეხმარება. ჩემი ნუტრიციონისტი მეუბნება რომ მე ყველაფრის ჭამა შემიძლია, რადგან სხეულზე ცხიმი არ მაქვს. ამასთან ერთად არ ვსვავ, რაც ჩემს ფორმაზე კარგად აისახება. როდესაც ეგვიპტეში ვბრუნდები ხოლმე, აეროპორტიდან ჩემს მეგობარს ვურეკავ და ვეუბნები, რომ კუშარი მიყიდოს, რათა ის პირდაპირ ავტომობილში ვჭამო.“

რა არის კუშარი?

კუშარი ეგვიპტური ეროვნული კერძია. ის ბრინჯისგან, ოსპისგან და მაკარონისგან მზადდება, რომელსაც ზევიდან პომიდვრისა და ნივრის ცხარე სოუსი აქვს მოსხმული.

კუშარის ზედმეტმა პორციამაც კი ვერ იმოქმედა სალაჰზე ცუდად, რადგან მან მიმდინარე სეზონში უკვე წარმოუდგენელი 43 გოლი გაიტანა. ამდენი გოლი ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის არცერთ ფეხბურთელს არ აქვს გატანილი. თავად ეგვიპტელი „ფარაონი“ კი ამბობს, რომ ის წნეხს არ განიცდის და „იოლი ცხოვრება“ აქვს.

„თუ ეგვიპტელებზე ვსაუბროთ, ჩვენ 100 მილიონი ვართ. ასე რომ, მე რაც შეიძლება ბუნებრივი უნდა ვიყო და ისეთი რამ არ უნდა გავაკეთო რაც არ მახასიათებს. არ უნდა მოვიტყუო სოციალურ ქსელებში, ინტერვიუებსა და ზოგადად ცხოვრებაში. ამას ხალხი ადვილად შეამჩნევს. ეს ჩემი ცხოვრებაა და ის ძალიან მარტივია. არ არსებობს სირთულეები. დღის განმავლობაში ბევრი არაფრის კეთება არ მიწევს, თუმცა დღის ბოლოს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემს დღევანდელ მდგომარეობას მარტივად ვუყურებ და ვცდილობ არაფერზე ვინერვიულო. თუმცა ცოტა სირთულეებიც არსებობს. კერძოდ კი იმის თავისუფლება არ მაქვს, რომ შეცდომები დავუშვა და რამე მიუღებელი გავაკეთო. ალბათ მთელი წნეხიც ესაა, თუმცა როდესაც ამ მდგომარეობაში წლების განმავლობაში ხარ, ნელ-ნელა სწავლობ როგორ გაუმკლავდე მას.“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები