„უნდა გავთიშო, რომ თავი ვეღარ იმართლოს“ - გარი ისლამს ემუქრება
UFC 330-ის ღონისძიებამდე, რომლის მთავარი მოვლენაც ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი იქნება ისლამ მახაჩევსა და იან მაჩადო გარის შორის, რამდენიმე დღე რჩება. ბუნებრივია, ორივე მათგანი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და ხმაურიანი განცხადებების გაკეთებას არც ერთი არ ერიდება, თუმცა ამ მხრივ ირლანდიელი დაღესტნელს აშკარად აღემატება და სრულიად შერეული ორთაბრძოლების სამყაროს ისეთი რაღაცეების გაკეთებას ჰპირდება, რაც აქამდე არ უნახავთ.
იან მაჩადო გარი
ისლამ მახაჩევს აქამდე არასოდეს უბრძოლია ისეთი მაღალი და გრძელხელებიანი მებრძოლის წინააღმდეგ, როგორიც მე ვარ. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ არც ის, თუ როგორ დაუღალავად შემიძლია ოქტაგონში მოძაობა. დგომში მისი შანსები ჩემთან ნულის ტოლი იქნება. მსურს ის ყველას გათიშული ვაჩვენო, რადგან ასეთ შემთხვევაში თავს ვერაფრით გაიმართლებს. მე იან გარი ვარ, მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი.
ისლამ მახაჩევი
საჭიროა, რომ ჩემს გეგმას ბოლომდე მივყვე - მოვახდინო მასზე მაქსიმალური ზეწოლა და გაქცევის საშუალება არ მივცე. ყველამ კარგად იცის, რომ დაღესტანის ჭიდაობა მსოფლიოში საუკეთესოა, თუმცა ამის გარდა გამოვიყენებ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ ირლანდიელი დავაფინიშო. უბრალოდ, საჭიროა შემუშავებულ ტაქტიკას არ გადავუხვიო და გარის პირველივე რაუნდში დავაფინიშებ.
შეგახსენებთ, რომ როგორც იან მაჩადო გარიმ, ასევე ისლამ მახაჩევმა UFC-ში ბოლო ბრძოლები მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგეს. ირლანდიელმა ბელალ მუჰამადი დაამარცხა, ხოლო დაღესტნელმა ჯეკ დელა მადალენას აჯობა.