მთავარ ბრძოლად ჩაინიშნა - ვოლკანოვსკის მორიგი სატიტულო დაცვა
რამდენიმე საათის წინ გაირკვა, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ში თავის მომდევნო და კიდევ ერთ საჩემპიონო ორთაბრძოლას პიოტრ იანის წინააღმდეგ 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში ჩაატარებდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ღონისძიების მთავარი მოვლენა ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ჩხუბი იქნება, სადაც მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება.
მას შემდეგ, როდესაც ავსტრალიელმა ზედიზედ ორჯერ დაამარცხა ბრაზილიელი დიეგო ლოპესი, ბევრი კამათი და სჯა-ბაასი მიდიოდა იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მისი მომდევნო მოწინააღმდეგე. მიუხედავად იმისა, რომ ევლოევი-მერფის ბრძოლას საპრეტედენტო აფიშა ჰქონდა, ბევრი გაურკვევლობაში ჩააგდო ბრაზილიელი ჟან სილვას პოსტებმა, რომელიც აცხადებდა, რომ UFC-ის ხელმძღვანელებისგან ვოლკანოვსკისთან ბრძოლის დაპირება ჰქონდა მიღებული. საბოლოოდ კი, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ვეტერან ავსტრალიელს მეტოქედ ყველაზე ღირსეული პრეტედენტი ეყოლება, რაც თავადაც არაერთხელ აღუნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის მოვსარ ევლოევი MMA-ში იმ იშვიათ მებრძოლთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ჯერ კიდევ დაუმარცხებელია - 20 ბრძოლიდან 20 გამარჯვება აქვს, საიდანაც 3 ნოკაუტით დაასრულა, თუმცა UFC-ში ჩატარებული ჩხუბებიდან ყველა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. რაც შეეხება 37 წლის ალექსანდრ ვოლკანოვსკის, 32 ბრძოლიდან მის აქტივში 28 გამარჯვებაა 13-ჯერ ნოკაუტით, 3-ჯერ საბმიშენით, 12-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. 4 მარცხიდან ვოლკანოვსკიმ ორი ისლამ მახაჩევთან განიცადა, თითოჯერ კი, კორი ნელსონთან და ილია თოფურიასთან წააგო.