„ფილტვი გადავინერგე, სეხუდოს რა მიზეზი აქვს?“ | ასკრენი მერაბის გამარჯვებაზე
ბენ ასკრენმა დემეტრიუს ჯონსონს ინტერვიუ მისცა და RAF Georgia-ს ღონისძიებაზეც ისაუბრა, რომლის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება იყო. სეხუდო 8:0-ს იგებდა, მაგრამ დაიღალა და შეხვედრა 8:11 დათმო.
ასკრენმა ყურადღება სწორედ ამაზე გაამახვილა და განაცხადა: „სეხუდოსთან ჯერ არ მისაუბრია და მაინტერესებს, რა მოხდა. მე ფილტვი გადავინერგე, ასე რომ, მგონი, მაქვს მიზეზი, რის გამოც ასე ძალიან ვიღლები, მაგრამ სეხუდო ისე დაიღალა...
ჰენრის ურჩევნია, თავის გასამართლებელი კარგი მიზეზი ჰქონდეს, თორემ ისე დაიღალა, მესამე პერიოდში ფეხზე დგომა უჭირდა. როდესაც ჭიდაობას თანხმდები, საჭიროა, მაგრად მოემზადო და რამდენიმე სავარჯიშო სესია გქონდეს. ჩემი ვარაუდით, ჰენრიმ ჩათვალა, რომ ვარჯიში არ სჭირდებოდა, რადგან ოლიმპიური ჩემპიონია და გამარჯვებაში დარწმუნებული იყო“.
შეგახსენებთ, რომ ასკრენმა RAF-ის ეგიდით ბელალ მუჰამედთან იჭიდავა. ბენი 3:0-ს იგებდა, მაგრამ მუჰამედთან 3:6 დამარცხდა. ასკრენს სტაფილოკოკის ინფექციის გამო პნევმონია განუვითარდა და გადასარჩენად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია. მას ორივე ფილტვის ტრანსპლანტაცია დასჭირდა.