მარცხი ფიჯისთან | 20-წლამდე ბორჯღალოსნებმა მე-12 ადგილი დაიკავეს
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა. იტალიასთან წაგების შემდეგ უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მე-11 ადგილისთვის ბრძოლაში ფიჯის დაუპირისპირდნენ და 10:30 დამარცხდნენ.
ფიჯიმ პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქეს ქულის აღების საშუალება არ მისცა, თავად კი სამი ლელო დადო და ერთი გარდასახვა გამოიყენა — 17:0. მეორე ტაიმში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ უკეთ გამოიყურებოდნენ და რამდენიმე მცდელობის შემდეგ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი დაამიწეს.
54-ე წუთზე ლელო მიხეილ შიოშვილმა მიითვალა, გარდასახვა კი ვერ გამოვიყენეთ. 71-ე წუთზე ლეონიდე სალდაძემ ლელო დადო და ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა ეს ჩვენი მაქსიმუმი აღმოჩნდა.
ცნობისთვის, 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ურუგვაის მოუგო, სამხრეთ აფრიკასთან და უელსთან კი დამარცხდა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში ჩავებით, მაგრამ იტალიასთან წავაგეთ.