„ძალიან კარგი მეკარეა“ | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის რჩევა მამარდაშვილს
„ლივერპულის“ ყოფილმა მეკარემ, კრის კირკლენდმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. კირკლენდმა ახსნა, „მამარდა“ რთულ მდგომარეობაში რატომ იმყოფება და ქართველ გოლკიპერს რჩევა მისცა.
„უჭირს, რადგან გუნდში გადმოსვლისთანავე ალისონ ბეკერს შეადარეს და სურდათ, ბრაზილიელის მსგავს დონეზე ყოფილიყო, რაც თითქმის შეუძლებელია. ალისონი მსოფლიოში საუკეთესოა და დიდი ხანია ასეა.
მამარდაშვილი მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს. მან იცის, თავისი ძლიერი მხარეები რა არის. ის ძალიან კარგი მეკარეა, რადგან სხვა შემთხვევაში „ლივერპულში“ ვერ ითამაშებდა. მან საკუთარ თავზე კონცენტრაცია უნდა მოახდინოს და პრესეზონი გამოიყენოს. პრესეზონი უაღრესად მნიშვნელოვანია და მისი მიმდინარეობისას შეგიძლია მოხვიდე, მოემზადო და მაქსიმალურად კარგ ფორმაში ჩადგე.
თუ მას საშუალება მიეცემა, რომ ითამაშოს, შანსი უნდა გამოიყენოს. რთული დავალება აქვს, მაგრამ მჯერა, მას დიდი შემართებით მოეკიდება და თავს გაართმევს. მამარდაშვილს გრძელი გზის გავლა მოუწევს, რათა ალისონი შეცვალოს“.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს, „ლივერპული“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და „სანდერლენდს“ დაუპირისპირდება. 30-ში „წითლები“ „რექსემს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 3 აგვისტოს — „ლიდსს“.