დასკვნითი მატჩი ფიჯისთან | 20-წლამდე ბორჯღალოსნების შემადგენლობა
Aa
Aa

დასკვნითი მატჩი ფიჯისთან | 20-წლამდე ბორჯღალოსნების შემადგენლობა

უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივლისს 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით მატჩს გამართავენ. ისინი მე-11 ადგილისთვის ქუთაისის „აია არენაზე“ ფიჯის შეერკინებიან. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

მე-9 ადგილის ნახევარფინალში იტალიასთან 19:43-ის შემდეგ, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილებაა - სამი ხაზში და სამიც შერკინებაში.

ჰავბეკად თამაშს გიორგი ხონელიძე პირველად იწყებს, რომელიც ღერძზე მათე მახარაძეს შეუწყვილდება. ცენტრში უელსთან პირველი მატჩის შემდეგ ლეონიდე სალდაძე ბრუნდება, რომელიც დავით ბარბაქაძის მხარდამხარ ითამაშებს, ფრთაზე კი დათა არობელიძეს ვიხილავთ, რომელიც დამწყებთა შორის პირველადაა. მეორე ფრთაზე და ფულბეკად კვლავ ლუკა ტაბატაძე და ნიკა ხალვაში დადგებიან.

ორი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში, სადაც ადგილი გიორგი ტურაშვილმა შეინარჩუნა, კვაჭი გიორგი აღნიაშვილი მარქაფიდან დაწინაურდა, მარჯვენა ბურჯი ლევან ეზიეშვილი კი სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ ბრუნდება. უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი - გიორგი მეფარიშვილი და დავით ბარამია. მესამე ხაზში დამწყებთა შორის პირველადაა გიორგი არძენაძე, ხოლო გუნდის კაპიტანი ლუკა ნარსია და მიხეილ შიოშვილი ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებენ.

ფიჯისთან მარქაფაში ხუთი მორკინალი და სამი ხაზის მოთამაშე გვეყოლება. ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავის პირველ თამაშს ჩაატარებს კვაჭი ნიკა ღარიბაშვილი, ბურჯებს კი საბა ნოზაძე და გაბრიელ რაზმაძე შეცვლიან. მეორე ხაზის შეცვლაზეა ნიკოლოზ ჩხორთოლია, ხოლო მესამე ხაზში გიორგი ზაზაძე შევა. მარქაფაში გადაინაცვლეს ჰავბეკმა თემურ ძოძუაშვილმა და ცენტრმა დათა ახვლედიანმა, დემეტრე დევდარიანმა კი 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნა.

ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე საქართველოს ფიჯისთან აქამდე ორჯერ უთამაშია, ორივეჯერ მე-9 ადგილის ნახევარფინალში და დაძაბულ მატჩებში ორივეჯერ 4-ქულიანი სხვაობით იმარჯვა - 2019 წელს 12:8 და 2024 წელს 40:36.

წლევანდელ ჩემპიონატში ფიჯი პირველ ორ მატჩში საფრანგეთთან 15:45 და ავსტრალიასთან 17:53 დამარცხდა, ჯგუფის დასკვნით მატჩში კი ესპანეთს 29:26 სძლია. მე-9 ადგილის ნახევარფინალში წყნარი ოკეანის წარმომადგენლებს ირლანდიამ 24:19 აჯობა.

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი

მე-11 ადგილისთვის

18 ივლისი. 18:00 საათი. ქუთაისი. “აია არენა”.

საქართველო - ფიჯი

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 11. დათა არობელიძე, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. დავით ბარამია, 6. გიორგი არძენაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. ნიკა ღარიბაშვილი, 17. საბა ნოზაძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი გიორგი ზაზაძე; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა ახვლედიანი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მესის საოცარი მსოფლიო აქვს, მაგრამ“ | სიომინისთვის ოქროს ბურთის ფავორიტი კვარაა
„მესის საოცარი მსოფლიო აქვს, მაგრამ“ | სიომინისთვის ოქროს ბურთის ფავორიტი კვარაა