ბრონკანის სადებიუტო გამარჯვება-ბორჯღალოსნებმა ურუგვაი დაამარცხეს
მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირი, ერთა თასის გათამაშება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ახალი მთავარი მწვრთნელის, პიერ-ანრი ბრონკანის სადებიუტო მატჩში ბორჯღალოსნები მონტევიდეოში ადგილობრივ ურუგვაის დაუპირისპირდნენ და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 7-ქულიანი სხვაობით, 41:34 მოიგეს.
41 ქულიდან 19 საქართველოს ნაკრების რიგებში ლუკა მატკავას ანგარიშზეა, რომელმაც ერთხელ მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო, ოთხივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ორი საჯარიმო გაიტანა. მატკავას გარდა კი, თითო ლელო ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ნიკოლოზ სუთიძემ, მიხეილ ალანიამ და თორნიკე ჯალაღონიამ დადეს, რომელიც საიუბილეო, 50-ე სანაკრებო მატჩს ატარებდა. ერთ შემთხვევაში კი არბიტრმა სტუმრებს საჯარიმო ლელო დაუფიქსირა.
ქართველი მორაგბეები ერთა თასის გათამაშებაში მომდევნო შეხვედრას სამოასთან 11 ივლისს ჩაატარებენ, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. სამხრეთ ამერიკულ შეჯიბრებას კი 18 ივლისს, ჩილესთან მატჩით დაასრულებენ, რომელიც სტარტს ჩვენი დროით ასევე 23:00 საათზე აიღებს.