კრიშტიანუ რონალდუ, ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი, სანდრო კობახიძე, ლამინ იამალი
Aa
Aa

მესი, კვარა, კრიშტიანუ და იამალი - კობახიძის შეფასებები მუნდიალსა და ოქროს ბურთზე

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ორი მატჩია დარჩენილი და ბუნებრივია, გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შეიძლება. ფინალში ორი უძლიერესი გუნდია გასული და ფავორიტის დასახელება ურთულესია. სამაგიეროდ, ის უკვე ზუსტად ვიცით, რომ მუნდიალზე არსებული ტრადიცია ამჯერადაც არ დაირღვევა და ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ტიტულს ვერ მოაგებინებს, რადგან ესპანეთს ესპანელი ლუის დე ლა ფუენტე, არგენტინას კი არგენტინელი ლიონელ სკალონი ხელმძღვანელობს.

მუნდიალზე მიმდინარე მოვლენები, სხვადასხვა საფეხბურთო მატჩების შეფასება, გრანდების წარმატებისა, თუ ჩავარდნების გაანალიზება - მსგავს თემებზე საუბარი ყველაზე კომფორტული ვეტერან ფეხბურთელებთანაა და ამ მხრივ სანდრო კობახიძე ნამდვილად გამორჩეული რესპოდენტია, რომელიც ფეხბურთელობის პერიოდშიც სწორი ანალიტიკითა და სპორტის უპირველესი სახეობის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა, ამ ყველაფერს კი, ახლა სამწვრთნელო საქმეშიც აქტიურად იყენებს. კობახიძემ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მიმდინარე პლანეტის პირველობაზე, მის ვარსკვლავებზე, მომავალ ფინალზე და „ოქროს ბურთის“ მოპოვებასთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელიას შანსებზე საინტერესოდ ისაუბრა.

სანდრო კობახიძე

ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილებები დამრჩა და ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის გამო, გულშემატკივრებში იყო ეჭვები ხარისხის ვარდნის თაობაზე, მე მაინც ვფიქრობ, რომ თუნდაც კაბო ვერდემ და კონგოს ნაკრებმა საკმაოდ კარგი მატჩები გვაჩუქეს და რეალურად შეიძლება ითქვას, რომ მუნდიალი შედგა. მე პირადად 2022 წელს კატარში გამართული პლანეტის პირველობა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნდა, მაგრამ ვფიქრობ წლევანდელი უკვე წინაზე უკეთესია.

დიდი ხანია უცხოური ქვეყნის ნაკრებებიდან ჩემი სიმპათიები არგენტინისკენ არის მიმართული, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ეს გუნდი არ ბრწყინავდა, სორინების და აიალების პერიოდიდან. ალბისელესტეს მაშინდელ მარცხებს ძალიან მტკივნეულად აღვიქვამდი, რადგან ბავშვობაში ერთადერთი კასეტა მქონდა, სადაც დიეგო მარადონას არგენტინის ნაკრებში და „ნაპოლიში“ თამაშები იყო ჩაწერილი. მიხარია, რომ როგორც იქნა დამიდგა ის პერიოდი, როდესაც არგენტინელების წარმატებით შემიძლია დავტკბე და გუშინ, ინგლისთან გამარჯვების შემდეგ ძლივს დავიძინე ისეთი გახარებული ვიყავი.

ზოგიერთი გულშემატკივარი ახმოვანებს მთელი ტურნირია ისეთ მოსაზრებებს, თითქოს FIFA-ს მესის ფინალში გაყვანა სურს, ყველაფერს ინფანტინო წყვეტს და მსგავსი ამბები. ამას საერთოდ არ ვიზიარებ და ვინც ასე ფიქრობს, მათთან ფეხბურთზე საუბარი არც ღირს. რაც შეეხება უშუალოდ არგენტინის ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ, ნამდვილად არ ველოდი, თუ კიდევ ფინალში გავიდოდნენ, რადგან მეგონა, რომ მთელი ემოციები და მაქსიმუმი წინა მუნდიალზე დახარჯეს. თუმცა, ამიტომ არის ეს ჩემპიონატი საოცარი და მესი საოცარი, რომ ისევ გავიდნენ ფინალში.

გუშინდელი თამაში რომ ავიღოთ და პოზიციების მიხედვით შევადაროთ ცალკე აღებული მოთამაშეებით, მესის და კიდევ მაქსიმუმ ერთ ფეხბურთელს, ხულიან ალვარესს თუ არ ჩავთვლით, ინგლისს არგენტინაზე უკეთესი შემადგენლობა არ ჰყავდა? მაგრამ მე ასეთი გუნდური სულისკვეთება და ის გუნდური ფეხბურთი, რასაც ამ ფორმაციის არგენტინა აჩვენებს, არასოდეს არ მინახავს. არ ვიტყვი, რომ მესის, ალვარესის და ლაუტარო მარტინესის გარდა სხვა არგენტინელი ფეხბურთელები თავის კლუბებში რიგითი მოთამაშეები არიან, მაგრამ არც ვარსკვლავის სტატუსი არ აქვთ. ყოველივე ამის ფონზე, ჩამოდიან ნაკრებში, თავისი ქვეყნისთვის და თავისი ხალხისთვის ხდებიან ტოპ-ფეხბურთელებზე ძლიერები, რაც უნიკალური და საოცარი შემთხვევაა. ალბისელესტეს ბევრი ქომაგი თვლიდა და თვლის, რომ ეს არგენტინა ვერ იყო კარგი გუნდი, მაგრამ იმ ემოციებიდან და იმ თავგანწირვიდან გამომდინარე, რასაც ფეხბურთელები იჩენენ, ჩემი აზრით ამ ფორმაციის ნაკრები 2022 წლის საჩემპიონო გუნდზე უკეთესია.

ესპანეთი რამდენიმე წელია უკვე სისტემას მიჰყვება და ძირითადად, ყოველ წელს ასაკობრივი ნაკრებების დონეზეც ყველაფერს იგებს. ანუ ჩვენ ახლა მუნდიალზე არ ვუყურებთ მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს, ვუყურებთ მძლავრ სისტემას, რომელიც წლების წინ შეიმუშავეს და ძალიან მკაცრად მიჰყვებიან. საოცრებებს სჩადიან, წელს მაგალითად ორი ინდივიდუალისტი, ნიკო უილიამსი და ლამინ იამალი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დაშავებული ჰყავდათ და მიუხედავად ამისა, ხომ ხედავთ რა გააკეთეს? იმასაც ვერ ვიტყვი, რომ სხვა ტოპ-დონის მოთამაშეები ჰყავთ. როდრი და კუბარსი ძალიან მაგარია, მაგრამ საფრანგეთს ხომ გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა. ვიტყვი, რომ ესპანეთი არის ძალიან მძლავრი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი, რომელიც მონსტრად ჩამოყალიბდა და ალბათ ბოლო წლებში საუკეთესოა, მაგრამ ფინალში არავინ იცის რა მოხდება. არ არის ისეთ ფორმაში იამალი, როგორც შეუძლია, მაგრამ ესპანელები „სოსიედადის“ ფორვარდით მიკელ ოიარსაბალითა და „ატლეტიკოს“ როტაციის ფეხბურთელით ალექს ბაენათი აღწევენ წარმატებას.

არ ჰყავს ესპანეთს ცენტრფორვარდი, ჰალანდი არ ჰყავს, მბაპე არ ჰყავს - სამაგიეროდ ჰყავს როდრი, რომელიც ჩემი აზრით არის გენიოსი და გუნდის ნახევარზე მეტი. ჰყავს მწვრთნელი, აქვს სისტემა და „ფურია როხა“ არის ნამდვილი გუნდი. სისტემურობის ხარჯზე გადატეხეს ის ინდივიდუალიზმი, რითაც საფრანგეთი იყო ძლიერი. სად იყვნენ მბაპე, ან ოლისე, ან დანარჩენები? ინდივიდუალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთი მაინც არის სისტემა, მენტალიტეტი და მწვრთნელი.

მეცინება, როდესაც მესმის, რომ ლამინ იამალს არ აქვს კარგი მსოფლიოს ჩემპიონატი. ფეხბურთელი, რომელმაც მძიმე ტრავმა მუნდიალამდე ორი კვირით ადრე მოიშუშა და პირდაპირ ჩაერთო ჩემპიონატში. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ის არის 19 წლის. პირველივე თამაშიდან დაწყებული, როდესაც შეცვლაზე შემოიყვანეს, ყველაზე მეტი გამწვავება მისგან მოდის, პორტუგალიასთან ტრავმა აჰკიდა ნუნუ მენდეშს და ამ მატჩში ჩემი გადმოსახედიდან საუკეთესო იყო. ფრანგებთან გადამწყვეტი პენალტი აიკიდა რასაც ჰქვია და ერთი სიტყვით, ეს ბიჭი გენიოსია და ძალიან დიდი მომავალი აქვს.

ფინალზე რას ვფიქრობ? არგენტინამ უპირველეს ყოვლისა ესპანეთის ეს სისტემა ალბათ ისევ და ისევ ლიონელ მესის ხარჯზე უნდა დაანგრიოს და გარდა ამისა, ალბისელესტეშიც სასწაული ატმოსფეროა, რაც ასევე დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში. ესპანეთს ფავორიტად ვთვლიდი, თუმცა ალბისელესტეს ბოლო მატჩი მაძლევს იმის საფუძველს, რომ შანსები 50/50-ზე შევაფასო. ბურთის ფლობაში ალბათ ინიციატივა „ფურია როხას“ ექნება, თუმცა თუ არგენტინელები ისეთივე განწყობით გავლენ, როგორც ნახევარფინალში იყვნენ, მაინც რთული იქნება გამარჯვებულის გამოცნობა.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პორტუგალიის ნაკრების წარუმატებლობაში კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორი იყო გადამწყვეტი. კი, შეიძლება მთავარ მწვრთნელს მიეღო გადაწყვეტილება და კრიშტიანუ არ ყოფილიყო ძირითადი ფორვარდი, მაგრამ რონალდუს ვინც აკრიტიკებს, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ფეხბურთში კარგად ერკვევა. მისი სახით სპორტის ამ სახეობაში მეორე გენიოსი გვყავს და სათანადოდ უნდა დავაფასოთ.

ისეთ ადამიანს და ფეხბურთელს, როგორიც კრიშტიანოა, არა მგონია რომელიმე თანაგუნდელთან პრობლემა ჰქონდეს. არ იყო ამ კაცის თამაში პორტუგალიის პრობლემა. მის შემცვლელად ერლინგ ჰოლანდი რომ ჰყოლოდათ სკამზე და არა გონსალუ რამუში, კიდევ შეიძლებოდა რამის თქმა, მაგრამ რონალდუს უნდა ეთამაშა და რომც არ ეთამაშა, არავინ იცის მოიტანდა თუ არა მისი არყოფნა უკეთეს შედეგს.

ინგლისი მომწონდა ძალიან, თუმცა გუშინ რატომღაც გოლის მერე აღარ წაუვიდა თამაში. ნამდვილად ვერ დავიჯერებ, რომ დაცვაში ასე ჩადგომა ტომას ტუხელის ინიციატივა იყო, რადგან ის საკმაოდ განსწავლული სპეციალისტია და ასეთ შეცდომას არ დაუშვებდა. უბრალოდ, არგენტინამ ისეთი ფეხბურთი შესთავაზა, რომ რეალურად ინგლისელებს უკან დახევა აიძულა.

საფრანგეთი თავისი უძლიერესი ინდივიდუალისტებით არამხოლოდ მე, არამედ თითოეულ გულშემატკივარს მოსწონდა, მაგრამ ესპანეთმა თავისი გუნდურობით ტაქტიკურად გადატეხა.

გერმანიას ბოლო პერიოდში როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატებზე რეგრესი აქვს, რისი მიზეზიც ვერ ამოვხსენი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესნაკრები ორგანიზებულობას არ უჩიოდა, რაღაცაში აქვს პრობლემა და ალბათ ამას მალე გადაჭრიან. მე როდესაც საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი და გერმანიას დავუპირისპირდით, რაც ახლა ესპანეთს აქვს, ზუსტად ისეთი სისტემურობა ჰქონდა ამ გუნდს.

რაც შეეხება ბრაზილიას, მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტის სახით ძალიან მაგარი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ, მაინც აკლია ის, რაც ჰქონდა ადრე - თუნდაც ინდივიდუალიზმი - ჰყავთ ვინისიუსი, რაფინია, მაგრამ მე მაგალითაც არც გამკვირვებია, რომ ნორვეგიამ სელესაოს მოუგო. ანჩელოტი არის მწვრთნელი, რომელსაც უყვარს ჰყავდეს გუნდში ბევრი ტოპ-ფეხბურთელი და ბრაზილიის ამ თაობაში ასეთი ბევრი ნამდვილად არ მოიძებნება.

არის თუ არა ლიონელ მესი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? ჩემთვის ამ თემაზე დისკუსია დიდი ხანია დასრულებულია. ლეო ნომერ პირველია და კრიშტიანუ მასთან ძალიან ახლოსაა. ასე ვიტყვი - მე გამიმართლა, რომ ვცხოვრობ ეპოქაში, სადაც ყველა დროის ორი საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს. რა თქმა უნდა კიჭა რონალდო, მარადონა, პელე, ზიდანი, რონალდინიო, ნეიმარი მაგრები იყვნენ, მაგრამ რაც მესიმ და კრიშტიანუმ გააკეთეს, მსგავსი არავის გაუკეთებია და მეეჭვება მომავალში ვინმემ გააკეთოს.

ლამინ იამალმა რა ასაკშიც რა დონეს მიაღწია, მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მიუახლოვდეს მესის და კრიშტიანუს, თუმცა ჩემი აზრით იამალის ყველაზე დიდი პრობლემა არის მისი ხასიათი, რამაც ასევე ხელი შეუშალა ნეიმარს. ეს უკანასკნელი არის ფეხბურთში ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რადგან უდიდესი ტალანტი იყო და უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. ლამინს რომ ჰქონდეს ისეთი ფანატიკური სიყვარული ფეხბურთის მიმართ და არანაირი პარალელური ცხოვრება, როგორიც ლეოს და კრიშტიანოს ჰქონდათ, გაცილებით გაუადვილდებოდა ყველაფერი და ეს ერთადერთია, რამაც შეიძლება მას დაბრკოლება შეუქმნას.

კეინის და მბაპეს გავარდნით გაიზარდა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას შანსები „ოქროს ბურთის“ მოსაგებად? გუშინდელი მატჩის დროს, ერთ-ერთ უცხოელ კომენტატორს ვუსმენდი, რომელმაც ასეთი რამ თქვა: „ინგლისის გავარდნით კვარაცხელიას სასწაული შანსი მიეცა ამ პრიზის მოსაგებად, რადგან მისი კონკურენტებიდან ერთადერთი იამალია ფინალში და მას არ აქვს „საოქროსბურთო“ სეზონი. მესიმ კი რომც მოიგოს და ფინალში სულაც რომ გოლი გაიტანოს, MLS-ფაქტორიდან გამომდინარე, არა მგონია ეს პრიზი მისცენ“. მას ბოლომდე ვეთანხმები და ვიქნები უბედნიერესი ხვიჩამ რომ ეს პრიზი მიიღოს, უბრალოდ მთავარია იქ რას გადაწყვეტენ ჟურნალისტები, კაპიტნები და მწვრთნელები. ხვიჩა უნიკალურია და ჩვენი ბრილიანტია, რომელიც წელს თუ არა, მომავალში მაინც „ოქროს ბურთს“ აუცილებლად მოიგებს.

ცნობისათვის, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში კოპა ამერიკის გამარჯვებული არგენტინა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს დაუპირისპირდება და შეხვედრა თბილისის დროით კვირას, 19 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება. იქამდე კი ბრინჯაოს მედლებისთვის საფრანგეთი - ინგლისის მატჩი ჩატარდება, რომელიც სტარტს შაბათს, ღამის პირველ საათზე აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს გუნდი იმედს არასდროს გაგიცრუებთ, წინ კიდევ ერთი თამაში გვაქვს“ | მესის კომენტარი
„ეს გუნდი იმედს არასდროს გაგიცრუებთ, წინ კიდევ ერთი თამაში გვაქვს“ | მესის კომენტარი