თემურ ქეცბაია, თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

თორნიკე კვარაცხელია მაგრად დაგვეხმარა | ქეცბაია მონდორფის გამოთიშვის შემდეგ

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დინამო თბილისი'' ძირითად დროში ლუქსემბურგულ „მონდორფთან'' 0:1 დამარცხდა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი მატჩი ქეცბაიას გუნდმა სტუმრად 1:2 მოიგო, დამატებითი დრო დაინიშნა, დამატებით დროში ნინუამ პენალტი გაიტანა და ამ გოლით საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თემურ ქეცბაია: „სამწუხაროდ, ძირითად დროში თამაში წავაგეთ, მაგრამ შემდეგ გოლი გავიტანეთ. ვერ ვიტყვი, რომ ბიჭების მონდომებით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ როცა ბევრ მომენტს ვერ გამოიყენებ, გოლის გაშვების საფრთხე ყოველთვისაა.

უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ძალიან ნელ ტემპში ვთამაშობთ, პასებს ვაგვიანებდითთ, ბურთს ზედმეტად დიდი დროით ვიჭერდით, რაც მეტოქეს თავის დაცვის მეტ შესაძლებლობას აძლევდა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ ბიჭები ბოლომდე არ დაიხარჯნენ. ფაქტია, რომ უფრო მეტია საჭირო ევროტურნირიებზე უკეთესად სათამაშოდ. 

ბევრი ქომაგი არ მოსულა, მაგრამ მადლობა იმ ხალხს, ვინც მოვიდა. ამბიციები გვაქვს, თუმცა მათ განსახორციელებლად ბევრი რამ გვაკლია და პირველ რიგში, ეს გულშემატკივარია. გასაგებია, რომ საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა — ყველამ ვიცით, რომ ეს ის დონე არაა, რაც გვსურს, მაგრამ ევროტურნირები ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ კლუბის პრესტიჟის, არამედ ფინანსური თვალსაზრისითაც.

რაც შეეხება თორნიკე კვარაცხელიას, ის თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო, ვარჯიშებზეც ეტყობა, რომ პროგრესირებს და სულ უფრო უმატებს. დაახლოებით თვენახევარია, რაც ის ჩვენთან ერთადაა. ალბათ ცოტა დრო კიდევ სჭირდება, თუმცა სასტარტო შემადგენლობიდანაც რომ დაიწყოს, არა მგონია, სხვაზე ნაკლებად ითამაშოს. მეორე ტაიმში ძალიან დაგვეხმარა, კარგად შემოვიდა, პენალტი მოიპოვა და მომენტები შექმნა, თუმცა სასტარტოში სათამაშოდ ალბათ ჯერ მზად არაა“.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამოს'' მეტოქე ლიეტუვის წარმომადგენელი „ჟალგირისია''. პირველი მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხზე'' 23 ივლისს გაიმართება, საპასუხო მატჩი 30 ივლისაა დანიშნული.

მსგავსი სიახლეები