20-წლამდელების ლიდერები დაიმატეს - შავი ლომის ტრანსფერები
თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა გუშინ ურუგვაელებთან ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურშიც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და უელსელებთან მოსაგებად ძალიან ცოტა დააკლდათ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ვიტო კოლელიშვილის შეგირდებიდან რამდენიმე მათგანს პლანეტის პირველობის დასრულების შემდეგ სასიამოვნო სიახლეები ექნებათ.
ზოგიერთი მოთამაშის თაობაზე კი ახალი ამბები უკვე ვრცელდება. დადასტურებულია, რომ „უმცროსი ბორჯღალოსნების“ კაპიტანი ლუკა ნარსია და თემურ ძოძუაშვილი „შავ ლომში“ ითამაშებენ, რაც ორივე მხარისთვის მაგარი ამბავია. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები ევროპის ჩელენჯ თასზე ასპარეზობით სერიოზულ გამოცდილებას მიიღებენ, მათი სახით პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი სერიოზულ შევსებას მიიღებს.
ცნობისათვის, ლუკა ნარსიამ საქართველო-ურუგვაის (56:3) შეხვედრაში სამი ლელო დადო და მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ხოლო ამავე შეხვედრაში თემურ ძოძუაშვილმა მეტოქის ჩათვლის მოედანი ერთხელ აიღო. „უმცროსი ბორჯღალოსნები“ მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ 13 ივლისს, ქუთაისში იტალიელებს დაუპირისპირდებიან და მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.