ლიონელ მესი
Aa
Aa

„უსამართლობა, არ უნდოდათ, მესი გავარდნილიყო“ | ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელის კომენტარი

ეგვიპტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰოსამ ჰასანმა არგენტინასთან გამართული მერვედფინალური შეხვედრა შეაფასა, რომელიც „ფარაონებმა“ 2:3 წააგეს. „ფარაონების“ დამრიგებელმა მატჩის მთავარი არბიტრი ფრანსუა ლეტექსიე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი გუნდი უსამართლობის მსხვერპლი გახდა.

„დღეს არგენტინაზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ფეხბურთი უსამართლოა და ის, რაც მოხდა, ნამდვილი უსამართლობაა, მიუხედავად იმისა, რომ FIFA ფეარ-პლეის მომხრეა. მსაჯმა არ ჩაგვითვალა გოლი, რომლის გასაუქმებლადაც აშკარა მიზეზი არ ჰქონია. შეიძლებოდა ანგარიში 3:1 ყოფილიყო, მაგრამ ამის ნაცვლად არგენტინამ წონასწორობა აღადგინა.

ამ თამაშში ალბათ კომერციული ინტერესები ჩაერია. მათ არ უნდოდათ, მესი გამოვარდნილიყო. მათ უნდოდათ, მსოფლიო ჩემპიონი მუნდიალზე დარჩენილიყო. არგენტინაზე უკეთესები ვიყავით და მომდევნო ეტაპზე გასვლას ვიმსახურებდით.

ფეხბურთელების მადლიერი ვარ. მათ გააკეთეს ის, რაც ვთხოვეთ, მაგრამ ხშირად, მაშინაც კი, როცა ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა, ჩვენს ბედს სხვა ფაქტორები წყვეტენ. ბოდიშს გიხდით, მსურდა გულშემატკივრებისთვის კიდევ უფრო მეტი სიხარული მიმენიჭებინა და რაც შეიძლება შორს წავსულიყავით, თუმცა ვამაყობ ყველა ფეხბურთელით: ჩვენ შესანიშნავი დონე ვაჩვენეთ და ეგვიპტური, არაბული და აფრიკული ფეხბურთი ჩვენით ამაყობს.

წაგება მძულს, მაგრამ ეს მარცხი ნამდვილი უსამართლობა იყო. ფეხბურთში არის გარე ფაქტორები, რომლებიც ტექნიკულ საკითხებს აბათილებენ. ჩვენ წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონებმა ითამაშეს, რომლებმაც, რა თქმა უნდა, მარკეტინგული მხარდაჭერით ისარგებლეს. კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით და იმით, რა თამაშიც მათ აჩვენეს, თუმცა შედეგზე გარე ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა. დიახ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია — ამ მატჩში ის არ მიგვიღია, რასაც ვიმსახურებდით.

ჩვენი ამბიციები ამით არ სრულდება. დღეს მატჩი ჩვენი მეტოქეებისთვის უაღრესად რთული იყო და კვლავ ვამტკიცებ, რომ შედეგზე სხვა ფაქტორებმა იქონიეს გავლენა. ყველაფერი ფულსა და ფინანსებს უკავშირდება. მათ უნდოდათ, მესი მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩენილიყო. ფეხბურთში ბევრი რამ გარე ფაქტორების გამო ხდება“.

შეგახსენებთ, რომ 58-ე წუთზე ეგვიპტეს გოლი გაუუქმეს, რომლითაც ანგარიში 2:0 ხდებოდა. „ფარაონებმა“ 2:0 მაინც დააფიქსირეს, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. როდესაც „ალბისელესტემ“ ანგარიში 3:2 გახადა, ეგვიპტელები თამაშის წესის დარღვევის დაფიქსირებასა და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსამართლო და მიკერძოებული მსაჯი, ჩაწყობილი ტურნირი“ | ზიკოს კომენტარი
„უსამართლო და მიკერძოებული მსაჯი, ჩაწყობილი ტურნირი“ | ზიკოს კომენტარი