უდინეზე, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

“სეზონის დაწყებისას მზად იქნება“ - Tuttoudinese ჩაკვეტაძეზე

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას უდინეზეში აგრძელებს, თუმცა ტრავმირებულია და ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობს.

ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უკანასკნელ ცნობებს Tutto Udinese ავრცელებს:

გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზეში“ დებიუტამდე კიდევ ცოტა ლოდინი იქნება საჭირო. ქართველ ნახევარმცველს ფეხის მესამე მეტატარზალური ძვალი აქვს გატეხილი, რის გამოც რამდენიმე კვირა იუქმებს და ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილსაც გამოტოვებს.

ეს ინფორმაცია „უდინეზეს“ დირექტორმა, ფრანკო კოლავინომ, 2026/27 წლების სეზონის ახალი ფორმის პრეზენტაციაზე დაადასტურა.

„სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩში მან ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც „უდინეზეს“ დონეს სრულად შეესაბამება,“ — განაცხადა კოლავინომ.

დირექტორმა ჩაკვეტაძის სათამაშო თვისებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს დიდი პოტენციალი აქვს.

„ჩაკვეტაძეს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. ის უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია, თუმცა კიდევ შეუძლია პროგრესირება. შეუძლია როგორც ცენტრალურ ნახევარდაცვაში, ისე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში. ის უნივერსალური მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარება,“ — დასძინა კოლავინომ.

გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით ქართველი ფეხბურთელი ახალი სეზონის დაწყებისას სრულ მზადყოფნაში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები