ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

„შეეზღუდებათ სტადიონზე დასწრების უფლება“ - ტორპედო განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგაზე აზერბაიჯანულ „ზირასთან“ მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ქუთაისის "ტორპედო" გმობს სტადიონზე სიძულვილის ენის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ქცევის ყოველგვარ გამოვლინებას.

კლუბისთვის პრინციპულად მიუღებელია ისეთი გარემო, სადაც ილახება ადამიანის ღირსება. შესაბამისად, დაუშვებლად მივიჩნევთ მატჩზე იმ პირის დასწრებას, რომლის ქცევაც შეურაცხყოფს ფეხბურთელს, მწვრთნელს, მსაჯს, კლუბის წარმომადგენელს, მოწინააღმდეგე გუნდის წევრს ან ნებისმიერ გულშემატკივარს.

ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება. მსგავს ქმედებაში მონაწილე პირებს შეეზღუდებათ სტადიონზე დასწრების უფლება, ხოლო თითოეული შემთხვევა შეფასდება მოქმედი კანონმდებლობისა და სტადიონის რეგლამენტის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით.

„შენგელია არენა“ ცხადდება სიძულვილის ენისგან თავისუფალ სივრცედ. ფეხბურთი აერთიანებს ადამიანებს. ჩვენი მიზანია, სტადიონზე მოსულმა თითოეულმა გულშემატკივარმა, ასაკის, ეროვნების, სქესის, რელიგიისა თუ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, თავი უსაფრთხოდ, დაცულად და პატივისცემის გარემოში იგრძნოს.

ამავე პრინციპით, ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მისაღებია მხოლოდ კონსტრუქციული და ჯანსაღი კრიტიკა. სიძულვილის ენის, მუქარის, შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახველი შინაარსის კომენტარები წაიშლება, ხოლო მათი ავტორების მიმართ კლუბი გამოიყენებს შესაბამის მოდერაციის ზომებს.

კლუბი მადლობას უხდის თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც საკუთარი ქცევით ხელს უწყობს უსაფრთხო, ღირსეულ და პატივისცემაზე დაფუძნებული საფეხბურთო გარემოს შექმნას“.

ცნობისთვის, ტორპედო-ზირას მატჩის შემდეგ ქუთაისური კლუბის გულშემატკივრების ნაწილი ფეხბურთელებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგო“ - ზირას მწვრთნელი ტორპედოსთან მატჩზე
„უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგო“ - ზირას მწვრთნელი ტორპედოსთან მატჩზე