„მოპოვებულის დაკარგვა არ მსურს“ - ისლამი წასვლას არ აპირებს
შერეული ორთაბრძოლების ბევრი მოყვარული თვლის, რომ ისლამ მახაჩევის კარიერა, რომელსაც შემოდგომაზე 35 წელი უსრულდება, დასასრულს უახლოვდება. ამაზე ისაუბრა ისლამის მწვრთნელმა და უახლოესმა მეგობარმა ხაბიბ ნურმაგომედოვმაც, თუმცა როგორც ჩანს, თავად მახაჩევი ჯერჯერობით აქტიური სპორტიდან წასვლას არ გეგმავს და რამდენიმე ბრძოლის ჩატარებას კიდევ აპირებს. ამის თაობაზე, მან დოკუმენტური ფილმის სახელწოდებით „ჩემპიონების სამშობლოს“ გადაღების დროს ისაუბრა.
ისლამ მახაჩევი
რა თქმა უნდა, ისეთივე მოტივაცია აღარ მაქვს, როგორიც კარიერის დასაწყისში მქონდა, თუმცა ჯერჯერობით გამარჯვებები ისევ მსურს. არ მინდა მარცხი და მსურს ტიტული შევინარჩუნო. მთავარი მოტივაცია? ეს არის ჩემი საჩემპიონო ქამარი, რომლის დაკარგვაც არ მინდა.
თავის ქებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ამ სპორტში უკვე ყველაფერს მივაღწიე. ახლა მსურს მოპოვებული არ დავკარგო, რის გამოც ვარჯიშს და მომზადებას უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით განვაგრძობ, რადგან ვიცი, რომ ბევრი მგულშემატკივრობს და ჩემს გამო ნერვიულობს, მათი იმედების გაცრუება კი დაუშვებელია.
ყველაზე მეტად მინდა, რომ ბავშვებისთვის სამაგალითო ვიყო, როგორც ღირსეული და კარგი ადამიანი, რომელიც ნორმალური ცხოვრების წესით ცხოვრობს, აფასებს უფროს ადამიანებს, უმცროსებთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს და არის კარგი მეოჯახე. უბრალოდ მინდა კარგი ადამიანი ვიყო და არა დიდი სპორტსმენი. დიდი სპორტსმენი ჩემამდეც ბევრი იყო და ჩემს შემდეგაც ბევრი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევს UFC-ის ისტორიული რეკორდის დამყარების იდეალური შანსი აქვს - იმ შემთხვევაში თუ 15 აგვისტოს, ფილადელფიაში ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ბრძოლაში იან მაჩადო გარის დაამარცხებს, ეს მისთვის ზედიზედ მე-17 გამარჯვება იქნება და ერთპიროვნული ბრაზილიელი რეკორდსმენის ანდერსონ სილვას (16) მიღწევას გააუმჯობესებს.