ხვიჩა საუკეთესოთა შორის - ხაბიბის ტოპ-ფეხბურთელები
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელმაც აქტიური სპორტული კარიერა დაუმარცხებელი მებრძოლის რანგში დაასრულა, ფეხბურთის დიდი სიყვარულით გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ დაღესტნელი სხვადასხვა მატჩებს ხშირად ესწრება, თითოეული თამაშის დასრულების შემდეგ, სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარ მოსაზრებებს წერს. ამჯერად, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, ხაბიბს მის ფავორიტ მოთამაშეებზე ჰკითხეს და ნურმაგომედოვმა ხვიჩა კვარაცხელიაც დაასახელა.
ხაბიბ ნურმაგომედოვი
ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი? ულაპარაკოდ ლუის ენრიკე. ზუსტად ვიცი როგორ ააწყო მან „პარი სენ-ჟერმენი“, როგორი კარგი ურთიერთობა აქვს კლუბის მენეჯმენტთან და როგორ უმკლავდება პასუხისმგებლობას. მან ფეხბურთელები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანა და პსჟ-ის სახით ნამდვილი მონსტრი ჩამოაყალიბა.
ასევე ძალიან მომწონს მიკელ არტეტა, რადგან ის ქარიზმატული ადამიანია და საინტერესო ენერგია აქვს, მისგან ფეხბურთელები ბევრს სწავლობენ. მესამე ადგილზე მწვრთნელებს შორის ვენსან კომპანის დავაყენებდი, მეოთხეზე კი პეპ გუარდიოლას. თუმცა, თუ ყველა დროის საუკეთესო სპეციალისტებზე ჩამოვარდება საუბარი, პეპი მთავარი ფავორიტი იქნება.
ტოპ ფეხბურთელები ჩემთვის? ზინედინ ზიდანი, კრიშტიანუ რონალდუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ასევე ძალიან მომწონდა რუუდ ვან ნისტელროი და გამიხარდა „რეალში“ რომ გადავიდა. ახლა საუკეთესოებად ვთვლი ვიტინიას, ხვიჩა კვარაცხელიას, კილიან მბაპეს, ლამინ იამალსა და უსმან დემბელეს, ერლინგ ჰოლანდი კი მეექვსე პოზიციაზეა ჩემთვის.
ცნობისათვის, ხაბიბ ნურმაგომედოვი ახლა ისლამ მახაჩევის მომზადებით არის დაკავებული, რომელიც UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლისთვის საწვრთნელ პროცესს გადის. ისლამის მეტოქე საჩემპიონო დაპირისპირებაში ირლანდიელი იან მაჩადო გარი იქნება და ღონისძიებას ფილადელფია 15 აგვისტოს უმასპინძლებს.