„გოლი დამესიზმრა... ბიჭებს ვუთხარი, რომ გავიტანდი“ | ლაუტარო მარტინესის კომენტარი
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ საოცარი თამაში შემოატრიალა და ინგლისი 2:1 დაამარცხა. მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა და მატჩის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა.
„ეს გოლი დამესიზმრა. გეფიცებით! ალექსის მაკ ალისტერს ვუთხარი, რომ გავიტანდი. სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას ფაკუნდო მედინას ვუთხარი, რომ მოედანზე შევიდოდი და არგენტინას მოვაგებინებდი. და ზუსტად ჩემთან მოვიდა ბურთი...
ენცომაც ბრწყინვალე გოლი შეაგდო. ახლა, როდესაც უფრო მშვიდად ვარ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს გუნდი კვლავაც აჩვენებს თავის ხასიათსა და ძალას. აჩვენებს იმას, რას წარმოადგენს.
ინგლისი დაიღალა. 60 წუთის განმავლობაში პრესინგს თამაშობდნენ და აღარაფერი ჰქონდათ დარჩენილი. უკან დაიხიეს და საშუალება მოგვცეს, ბურთი მშვიდად გაგვეთამაშებინა. მეტოქის დაცვა გავწელეთ და ორი გოლი გავიტანეთ. 3.5 წლის შემდეგ ისევ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვართ!“
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა ესპანეთს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 19 ივლისს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. რაც შეეხება ინგლისს, „სამი ლომი“ მესამე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება.