ძალიან დიდი მომავალი აქვთ, მალე თავის სიტყვას იტყვიან | ქეცბაია კვარასა და ციკოლიაზე
UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დინამო თბილისი“ ლუქსემბურგის „მონდორფს“ უმასპინძლებს. თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, პრესკონფერენციაზე ბევრ თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა თორნიკე კვარაცხელიასა და ლუკა ციკოლიას შეეხებოდა — ქეცბაიამ მათ ნდობა გამოუცხადა და პირველ გუნდში სათამაშო დრო მისცა.
„მარტო კვარაცხელია და ციკოლია არაა, კიდევ გვყავს 7-8 ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი, თუმცა გეთანხმებით, რომ მათ შედარებით მეტ სათამაშო დროს ვაძლევ.
ეს ბიჭები (კვარაცხელიასა და ციკოლიას გულისხმობს) დაახლოებით ერთი თვეა, ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ და ყოველ ვარჯიშზე მათ თამაშში პროგრესს ვხედავ. ეს მისასალმებელია. პრინციპში, ერთია აკადემიაში ხელოვნურ საფარზე ვარჯიში და მეორეა — აქ, ბუნებრივ მინდორზე. მათთვის საჭიროა, რომ უკვე დიდ მინდორზე ივარჯიშონ. ჩვენ ამის საშუალება გვაქვს. ვფიქრობ, მათ ძალიან დიდი მომავალი აქვთ და ცოტა ხანში თავის სიტყვას იტყვიან.
მე იმ აზრზე ვარ, რომ 18-19 წლის ფეხბურთელმა საქართველოს პირველობა უნდა ითამაშოს, თუ გინდა, რომ პროგრესი გქონდეს და კარიერული ნაბიჯი გადადგა — უცხოეთში წახვიდე. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმეტესმა გუნდებმა აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთონ, რათა შემდეგ გაყიდონ და ფინანსური სარგებელი ნახონ, ამის ნაცვლად, აქცენტი კეთდება მათზე, ვინც საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან ახლოსაა“.
მონდორფისა და დინამო თბილისის პირველი მატჩი ქეცბაიას გუნდის გამარჯვებით 1:2 დასრულდა. მატჩის დასაწყისში ნიკა ნინუას საგოლე პასებით ბამ და მათე ვაწაძემ გაიტანეს. საპასუხო გოლი მეორე ტაიმში ჰატიმ ფარმა შეაგდო.
აღნიშნულში მატჩში 18 წლის ციკოლია სასტარტო თერთმეტეულში იყო, ქეცბაიამ შესვენებისას ასევე 18 წლის კობა კაკაშვილით შეცვალა. რაც შეეხება თორნიკე კვარაცხელიას, სათადარიგოთა სკამზე იჯდა და 66-ე წუთზე თამაშში ჩაერთო.
დინამო - მონდორფის მატჩი ხვალ, 16 ივლისს „მიხეილ მესხზე'' გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.