„იტალიელებს ერთხელ უკვე ვაჩვენეთ, რაც შეგვიძლია“ - წყალბურთელები სუპერფინალის წინ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს მიმდინარე თვეში სერიოზული გამოცდების ჩაბარება მოუწევს. მთავარი მწვრთნელის, რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი 22-26 ივლისს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მსოფლიოს თასის სუპერფინალში იასპარეზებს, სადაც პლანეტის რვა საუკეთესო ქვეყნის ნაკრები გამოდის. ქართველი წყალბურთელების პირველი მეტოქე იტალია იქნება, რომელსაც წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე სერიოზული ბრძოლა გავუმართეთ და სწორედ ამაზე გაამახვილეს ჩვენი ნაკრების წევრებმა მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში ყურადღება.
ვატო დადვანი
უძლიერეს ტურნირზე მოვხვდით, სადაც პლანეტის რვა გამორჩეული გუნდი ასპარეზობს და ყველა შეხვედრა ურთულესი იქნება. მზადების პროცესი მძიმედ მიდიოდა, მაგრამ ყველაფერი მაინც ისე გავაკეთეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ბიჭები მაქსიმალურად შეთამაშდნენ, მე პირადად მცირე ტრავმის გამო ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიმიღია. იმედია, ავსტრალიაში უკვე ბოლომდე მზადყოფნაში ვიქნები, მიზანი კი ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლა იქნება.
ნიკოლოზ შუშიაშვილი
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. გავიარეთ რთული, მაგრამ ამავდროულად ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი. გვქონდა რამდენიმე საკონტროლო მატჩი, სადაც გამოჩნდა ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები. იტალიის ნაკრები უძლიერესი მოწინააღმდეგეა და მათთან თამაში გაგვიჭირდება, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე პრინციპულ ჯახში აპენინელებთან გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ეს ახლა დიდად არაფერს ნიშნავს, რადგან როგორც იტალიელები, ასევე ჩვენ განსხვავებული შემადგენლობით ვიასპარეზებთ.
ცნობისათვის, მსოფლიოს თასის სუპერფინალი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და რვა გუნდი ასპარეზობას პირდაპირ პლეი ოფით, მეოთხედფინალური ეტაპიდან დაიწყებს. ქართველი წყალბურთელები იტალიელებს 23 ივლისს შეხვდებიან და მათი დამარცხების შემთხვევაში, 25 ივლისს, საბერძნეთი-მონტენეგროს წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.