ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

ინფანტინო ადასტურებს - მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა 64 გუნდამდე გაფართოვდეს

ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ FIFA 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 64-გუნდიან ფორმატამდე გაფართოების შესაძლებლობას ოფიციალურად განიხილავს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 48 ნაკრების მონაწილეობით ტარდება, თუმცა ინფანტინოს განცხადებით, ტურნირის დასრულების შემდეგ FIFA-ს შესაბამისი კომიტეტები კიდევ უფრო მასშტაბურ გაფართოებაზე იმსჯელებენ.

„64-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილად არის საკითხი, რომელსაც ამ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შესაბამის კომიტეტებში განვიხილავთ. მსოფლიო ჩემპიონატი მთელი მსოფლიოსთვისაა და არა მხოლოდ ევროპისა და სამხრეთ ამერიკისთვის.

ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს ოცნება, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. დღეს ნაკრებების დონე მთელ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. თუ პატარა ქვეყნებს მონაწილეობის შანსს არ მივცემთ, მათ განვითარების მოტივაციაც აღარ ექნებათ,“ — განაცხადა ინფანტინომ.

FIFA-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის ტურნირის 48 გუნდამდე გაფართოება „100-პროცენტიანი წარმატება“ აღმოჩნდა.

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ექვს ქვეყანაში და სამ კონტინენტზე გაიმართება. პირველი მატჩები ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში ჩატარდება, ხოლო ტურნირის ძირითადი ნაწილი მაროკოში, პორტუგალიასა და ესპანეთში გაიმართება.

64-გუნდიანი ფორმატის იდეა პირველად 2025 წლის მარტში ურუგვაელმა ფეხბურთის ფუნქციონერმა ინასიო ალონსომ წამოაყენა, მოგვიანებით კი სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმაც განაცხადა, რომ ეს მისი „ოცნებაა“ და ასეთი ფორმატი მსოფლიოს კიდევ უფრო გააერთიანებდა.

თუმცა ინიციატივას ყველა არ ეთანხმება. ალექსანდერ ჩეფერინმა 64-გუნდიან მსოფლიო ჩემპიონატს „ცუდი იდეა“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს როგორც თავად ტურნირს, ისე ევროპის შესარჩევ ეტაპს მნიშვნელოვნად დააზარალებს. მსგავსი პოზიცია აქვს CONCACAF-ის პრეზიდენტს, ვიქტორ მონტალიანისაც რომლის შეფასებითაც აღნიშნული ცვლილება „კარგი იდეა არ არის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უპატივცემულოდ ნუ მექცევი | რატომ დაუპირისპირდა მესი მთავარ მსაჯს
უპატივცემულოდ ნუ მექცევი | რატომ დაუპირისპირდა მესი მთავარ მსაჯს