რევოლუციური იდეა - იტალიის ნაკრებში გუარდიოლას დანიშვნას განიხილავენ
იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პაოლო მალდინი და ლეონარდო იტალიის ნაკრების მომავალი პროექტის მთავარ ფიგურებად მოიაზრებიან და უკვე აქტიურად განიხილავენ, ვინ უნდა ჩაიბაროს ეროვნული გუნდი მომდევნო ოთხი წლით.
ამ დროისთვის მთავარ კანდიდატებად ანტონიო კონტე, რობერტო მანჩინი და პეპ გუარდიოლა სახელდებიან, თუმცა ცნობების თანახმად, რომელსაც Gazzetta ავრცელებს, მალდინისა და ლეონარდოსთვის კონტე და მანჩინი ფავორიტები არ არიან.
იტალიური კლუბების უმრავლესობა არჩევანს კონტეზე გააკეთებდა. მათი აზრით, გამოცდილი სპეციალისტი ნაკრებზე მყისიერ გავლენას მოახდენდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ოთხწლიანი კონტრაქტი და სეზონში დაახლოებით 4 მილიონი ევროს ანაზღაურება შეიძლება შესთავაზონ.
რაც შეეხება მანჩინის, მიუხედავად მისი კარგი ურთიერთობისა იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ჯოვანი მალაგოსთან, მისი კანდიდატურა კვლავ სადავოა. ამის მიზეზი 2023 წელს იტალიის ნაკრებიდან მოულოდნელი წასვლაა, როდესაც მან საუდის არაბეთის ნაკრები ჩაიბარა.
ყველაზე ხმაურიანი ვარიანტი კი გუარდიოლაა. გამოცემის ცნობით, იტალიის ფეხბურთში მიაჩნიათ, რომ თუ ნაკრებში სრულფასოვანი რეფორმირება სურთ, სწორედ ისეთი მწვრთნელი სჭირდებათ, რომელსაც რევოლუციური ცვლილებების განხორციელება შეუძლია.
ესპანელი სპეციალისტი წლების განმავლობაში მანჩესტერ სიტში მუშაობდა და ბოლო კონტრაქტით სეზონში დაახლოებით 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, თუმცა არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერაში ყველაზე მეტად ახალი გამოწვევები იზიდავს. სწორედ ამიტომ, იტალიის ნაკრების აღორძინების პროექტი მისთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან.