გოლი ზედიზედ მეორე მატჩში - ზარიამ ვიცე-ჩემპიონს გაუტანა
საქართველოს Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში, კერძოდ კი თბილისის „დინამოში“ გატარებული რამდენიმეთვიანი პერიოდის შემდეგ, გიორგი ზარია ისევ ყაზახეთის ჩემპიონატში დაბრუნდა და კონტრაქტი „აქტობესთან“ გააფორმა. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, 28 წლის ქართველ ნახევარმცველს ახალ კლუბთან ადაპტაცია არ გასჭირვებია, უმალ ძირითადის წევრად იქცა და უკვე ორი ტურია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.
ერთი კვირის წინ, როდესაც „აქტობე“ საკუთარ სტადიონზე „ჟეტისუს“ ვერ ამარცხებდა, მთავარმა მწვრთნელმა ზარია ცვლილებაზე 87-ე წუთზე ყველასთვის კარგად ცნობილი პორტუგალიელი ვარსკვლავის, ლუიშ ნანის ნაცვლად შეიყვანა და გიორგიმ არბიტრის მიერ კომპენსირებულ მერვე წუთზე გამარჯვების ბურთი გაიტანა. აქედან გამომდინარე, ამჯერად ქართველი ნახევარმცველი „ასტანასთან“ სტუმრად გასამართ მატჩში ძირითადში მოხვდა და გაცემული ავანსები ამჯერადაც გაამართლა, რადგან პირველი ტაიმის ბოლოს წონასწორობა აღადგინა, 58-ე წუთზე კი ის შეცვალეს. ზარიას გარეშე დარჩენილი თანაგუნდელები ქვეყნის ვიცე-ჩემპიონთან გასვლაზე ქულის აღებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ 93-ე წუთზე ბურთი გაუშვეს და 2:3 დამარცხდნენ.
ცნობისათვის, ჩვიდმეტი ტურის შემდეგ ყაზახეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „აქტობე“ 25 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ლიდერ „ორდაბასის“, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე ამზადებდა, 15 ქულით ჩამორჩება.