ბეგლარიშვილის შვიდიანები - ვეტერანი ნახევარმცველის გამარჯვების გოლი
ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების წინაშე ზაქარია ბეგლარიშვილს ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება - 36 წლის ვეტერან ნახევარმცველს კარიერის უდიდესი ნაწილი ესტონეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული და ახლაც მეისტრლიგაში ასპარეზობს, ოღონდ თუ ადრე უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბების ღირსებას იცავდა, ახლა მოკრძალებული „ნომე იუნაიტედის“ წევრია და ცდილობს გუნდს ელიტაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმაროს.
გათამაშების მე-19 ტურში ზაქარია და მისი თანაგუნდელები საკუთარ სტადიონზე უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტს, „კურესარეს“ მასპინძლობდნენ და 2:1-ს ამარცხებდნენ კიდეც, თუმცა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში, მასპინძელთა ერთ-ერთი მოთამაშის ავტოგოლის შედეგად წონასწორობა აღდგა და „ნომე“ ქულების დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა. სწორედ ამ დროს, 96-ე წუთზე, როდესაც არბიტრის საფინალო სასტვენს აღარაფერი აკლდა, საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ ბეგლარიშვილს მიუვიდა ბურთი, რომელმაც ტექნიკური დარტყმით გაიტანა და თავის კლუბს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
ცნობისათვის, ესტონეთის მიმდინარე ჩემპიონატში ზაქარია ბეგლარიშვილის ანგარიშზე 7 გოლთან ერთად, 7 საგოლე გადაცემაა და ვეტერანი ქართველი ნახევარმცველი „ნომე იუნაიტედის“ როგორც საუკეთესო ბომბარდირი, ასევე საუკეთესო ასისტენტია. რაც შეეხება მის ამჟამინდელ გუნდს, 19 ტურში დაგროვებული 22 ქულით მეშვიდე ადგილზეა და გადათამაშების ზონას 5 ქულით უსწრებს.