მოედანზე სიმკაცრისა და ლიდერობის ჩვენება შეუძლია | კიოლნის მწვრთნელი ლოჩოშვილზე
„კიოლნის“ მთავარმა მწვრთნელმა რენე ვაგნერმა მედიასთან გუნდის ქართველი ახალწვეულის, ლუკა ლოჩოშვილის შესახებ ისაუბრა. ვაგნერის დახასიათება საკმაოდ პოზიტიურია და ჩანს, რომ ის ქართველ ფეხბურთელზე დიდ იმედს ამყარებს.
„ჩვენ გვინდოდა აგრესიული, მაღალი, სწრაფი, ორთაბრძოლებში ძლიერი ცენტრალური მცველი, რომელსაც სტანდარტული მდგომარეობების დროს გოლის გატანაც შეუძლია“, — ასე აღწერა ვაგნერმა ლოჩოშვილის პროფილი. „ეს მან გასულ წელს „ნიურნბერგში“ დაამტკიცა და ახლა მისთვის მთავარია, იგივე ბუნდესლიგაშიც აჩვენოს.“
2025-26 წლების სეზონში ლოჩოშვილმა „ნიურნბერგის'' რიგებში ბუნდესლიგა 2-ში 34 ტურიდან მხოლოდ 1 გამოტოვა, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა.33-ვე მატჩში სასტარტოში იყო, 32-ში 90 წუთი ითამაშა და მხოლოდ ერთხელ, მე-7 ტურში ჰერტასთან შეცვალეს, 70-ე წუთზე. მის აქტივში 7 საგოლე მოქმედებაა, 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა, რაც ბრწყინვალე შედეგია.
ვაგნერის თქმით, 28 წლის ფეხბურთელი ხასიათითაც ლიდერი უნდა იყოს და „კიოლნის“ შემადგენლობაში სათანადო მენტალიტეტი შეიტანოს, რაც მის გუნდს გასულ სეზონში ნაწილობრივ აკლდა.
„მოლაპარაკებებისას მან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ის გუნდში ახალ მენტალიტეტს შემოიტანს. ის არის ადამიანი, რომელსაც მოედანზე სიმკაცრისა და ლიდერობის გამოჩენა შეუძლია. სწორედ ეს გვაკლდა ბოლო პერიოდის გარკვეულ ეპიზოდებში.“
37 წლის სპეციალისტი „კიოლნის“ მთავარი მწვრთნელის, ლუკას კვასნიოკის ასისტენტი იყო, ხოლო გასული სეზონის დასკვნით ნაწილში პოლონელის მოხსნის შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. რენეს ხელმძღვანელობით გუნდმა ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მასთან გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა 2028 წლის 30 ივნისამდე.
ზაფხულის პაუზისას მთავარი მწვრთნელის როლი ვაგნერისთვის სიახლე აღმოჩნდა. თუ ასისტენტობისას სპეციალისტი შემადგენლობის დაკომპლექტებაში მხოლოდ ნაწილობრივაა ჩართული, მთავარი მწვრთნელის რანგში მის სიტყვას გაცილებით მეტი წონა აქვს. „ჩემი ტელეფონი სულ ჩართული იყო. ბევრი შეხვედრა გვქონდა და ერთმანეთშიც ბევრს ვსაუბრობდით: რა მოხდა გასულ წელს და რისი გაკეთება გვინდა წელს სხვაგვარად?“ — განმარტა ვაგნერმა.