საკის კეჩაგიასი, ვლადიმერ ისელიძე
Aa
Aa

„კეჩაგიასი გასაშვებია, გუნდი ვერ მოამზადა“ - ყოფილი მთავარი მწვრთნელი ახლანდელზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა პირველად 2014 წელს მოახერხა და ამ წარმატების სულისჩამდგმელი ეროვნული გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე გახლდათ. 78 წლის ისელიძე ამჟამად სპორტის ამ სახეობას თვალს გულშემატკივრის ამპლუაში ადევნებს და 2026 წლის კონტინენტის პირველობაზე ქართველი წყალბურთელების ასპარეზობით უკმაყოფილებას ვერ მალავს. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა ახლანდელი მესაჭე ბერძენი ათანასიოს კეჩაგიასი გააკრიტიკა და ეროვნული გუნდის ნატურალიზებული მოთამაშეების უსარგებლოობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ვლადიმერ ისელიძე

კონტინენტის პირველობაზე ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ. ზოგი თვლის, რომ რადგანაც 2014 წლის მსგავსად ორი თამაში მოვიგეთ, თორმეტი წლის წინ ნაჩვენები შედეგი გავიმეორეთ, მაგრამ პროგრესი არ ჩანს და კმაყოფილები როგორ უნდა ვიყოთ? მოიგეს ისეთ გუნდებთან, რომლებთანაც აუცილებლად უნდა გაემარჯვათ, რადგან სლოვენიას წყალბურთის ტრადიციები არ გააჩნია, თურქეთის დონეზე კი ყველამ ყველაფერი ვიცით.

მთავარი თამაში გვქონდა რუმინელებთან, რასაც საქართველოს ნაკრები სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. თანაც, ჩვენივე დაუდევრობით, ორი წამყვანი წყალბურთელი გვაკლდა. ნიკოლოზ შუშიაშვილსა და ვატო დადვანს იტალიასთან მატჩში გაძევებით სერიოზული შეცდომა მოუვიდათ და მათი გამოცდილების პატრონ წყალბურთელებს ეს არ ეპატიებათ. დარწმუნებული ვარ, ისინი რომ დისკვალიფიცირებული არ ყოფილიყვნენ, რუმინელებთან სულ სხვა თამაშს ვაჩვენებდით.

გარდა ამისა, დაშვებული იყო სხვა შეცდომებიც - ზედმეტი მოთამაშის გათამაშების დროს შეტევას დროზე ადრე ასრულებდნენ. არადა, ასეთ დროს შეტევა უნდა გაათამაშო ასპროცენტიან შედეგამდე. მითუმეტეს, რომ გვყავს ისეთი წყალბურთელები, რომელთაც ეპიზოდის დაგვირგვინება სათანადოდ შეუძლიათ. თუნდაც ბითაძე, 2 მეტრი და 3 სანტიმეტრია და ის რომ წყლიდან ბურთით ამოვა, აუცილებლად უნდა გაიტანოს. ყოველივე ეს მწვრთნელს სწორად რომ დაეგეგმა, სულ სხვა შედეგს მივიღებდით.

როდესაც კაცნაკლულები ვიყავით, მოწინააღმდეგე გუნდის ორი წყალბურთელი მაინც ძელთან თავისუფალი გვრჩებოდა. ანუ, ჩვენი ყველა მეტოქე აკეთებდა იმას, რის გაკეთებასაც ჩვენ ვერ ვახერხებდით. მოკლედ, შეიძლება მოთამაშეები ფიზიკურად მზად იყვნენ, ან მწვრთნელს ეგონა, რომ კარგად ჰყავდა ისინი მომზადებული. აუცილებლად საჭიროა კეჩაგისზე კვალიფიციური სპეციალისტის მოყვანა. შეიძლება ეს უფრო მეტ ფინანსებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ის ყველა ვარიანტში გასაშვებია.

იტალია ევროპის ჩემპიონატზე გაახალგაზრდავებული გუნდით იყო ჩამოსული. ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გუნდის გამოცდილი წყალბურთელები მთავარი მწვრთნელის გაშვებას ითხოვდნენ, თუმცა კონფლიქტის დროს ფედერაციის ხელმძღვანელებმა მწვრთნელის მხარე დაიჭირეს, ის პოსტზე დატოვეს და შესაბამისად, დამრიგებელმა ამბოხებული გამოცდილი კადრები კონტინენტის პირველობის მიღმა დატოვა. ალბათ ამის გამო, ჩვენებს ეგონათ, რომ გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე აპენინელებს ვაჯობებდით, რის გამოც რასაც ქვია ამ მატჩში ყველაფერი ჩადეს, რაც შეცდომა იყო, რადგან იტალია ჯერჯერობით სამწუხაროდ ყველანაირი შემადგენლობით ჩვენზე ძლიერია და სჯობდა ძალები რუმინელებისთვის შემოგვენახა.

ჩემი მთავარი მწვრთნელობის პერიოდში გაცილებით ნაკლები ნატურალიზებული წყალბურთელი გვყავდა, ახლა კი ხუთნი იყვნენ და თითოეული მათგანი ევროპის ჩემპიონატს მოუმზადებელი შეხვდა. რუმინელებს მათ გარეშეც უნდა ვუგებდეთ და თუ ხუთი უცხოელიც ამაში ვერ დაგეხმარება, რაში გვჭირდება ისინი?!

საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი საქმეს ძალიან სერიოზულად უდგება, რაზეც „აპოლოს“ ბოლოდროინდელი წარმატებებიც მეტყველებს. თუმცა, ის ყურადღებას არამხოლოდ წყალბურთს, არამედ სხვა საწყლოსნო სახეობებსაც აქცევს და ისეთ სვლებს აკეთებს, მგონია, რომ აუცილებლად გვეშველება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე შვიდი მატჩიდან ორი მოიგო, მეათე ადგილი დაიკავა და მთავარი მიზანი, რომელიც საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის ავტომატურად მოპოვება იყო, შეუსრულებელი დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკოლაიშვილი აბდუშელიშვილმა შეცვალა - რურუამ კანდიდატურა მოხსნა
ნიკოლაიშვილი აბდუშელიშვილმა შეცვალა - რურუამ კანდიდატურა მოხსნა