ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე - დამაჯერებელი გამარჯვება სომხეთთან
მალტაში გამართულ FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. ნახევარფინალში ალბანელებთან (57:58) დაძაბულ ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ, ქართველმა კალათბურთელებმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სომხეთი 24-ქულიანი სხვაობით, 73:49 დაამარცხეს და ტურნირზე გამოსვლა მაჟორულ ნოტაზე დაამთავრეს.
საქართველოს გოგონათა ნაკრებმა სტარტიდანვე სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი და პირველი მეოთხედი 9-ქულიანი უპირატესობით მოიგო, რასაც მეორე მეოთხედში 6-ქულიანი ჰანდიკაპით გამარჯვება მოჰყვა. თუმცა, გადამწყვეტი მაინც მესამე მეოთხედი იყო, სადაც ქართველმა კალათბურთელებმა დაცვაში იმდენად საიმედოდ ითამაშეს, რომ 10 წუთში სომხებს მხოლოდ 8 ქულის დაგროვების საშუალება მისცეს, რის შემდეგაც მატჩის ბედი საბოლოოდ ჩვენი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა.
ცნობისათვის, გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი მარიამ ცერცვაძე იყო, რომელმაც შეუცვლელად, 40 წუთი იასპარეზა და 23 ქულასთან ერთად, 7 მოხსნაც მიითვალა. რაც შეეხება ლიზი ხუბუას, 14 ქულისა და 10 მოხსნის დაგროვებით ორმაგი დუბლის ავტორად მოგვევლინა.