ბრინჯაო ალაფაზე - შვიდქალა მორაგბეთა ნაკრების წარმატება
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე საქართველოს შვიდქალა მორაგბეთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში გიორგი მაისურაძის მომზადებულმა გუნდმა იტალიის ნაკრებთან მატჩი 7:10 დათმო და ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი ლელო მანონი საღარაძემ დადო, რომელიც ზუსტად თეონა ჩიტაიშვილმა გარდასახა.
ნახევარფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, ქართველმა მორაგბეებმა მესამე ადგილისთის შეხვედრა გამართეს და მასპინძელი მოლდოვის გუნდი 17:7 დაამარცხეს. ამ მატჩში ორჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანი მანონი საღარაძემ აიღო, ერთი ლელო სალომე მაკასარაშვილის ანგარიშზეა, გარდასახვა კი ზუსტად ისევ და ისევ თეონა ჩიტეიშვილმა დაარტყა. მაკასარაშვილის, საღინაძისა და ჩიტეიშვილის გარდა, საქართველოს შვიდქალა მორაგბეთა ნაკრების ღირსებას ნათია გავაშელიშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ვერა კუნდუხაშვილი, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, ლიკა ბჟალავა, ნინო მელუა და კირა დანელია იცავდნენ.
ცნობისათვის, ნახევარფინალამდე გიორგი მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს შვიდქალა მორაგბეთა ნაკრებმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ავსტრიელებთან (31:5), ხორვატებთან (40:0) და უნგრელებთან (22:19) მოიგო, ხოლო უკრაინელებთან (0:27) დამარცხდა.