საქართველოს 20-წლამდე რაგბის ნაკრები
Aa
Aa

U20 მსოფლიო თასი | უელსთან მატჩისთვის საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში, რომელიც 27 ივნისს თბილისში, „ავჭალაზე“ 18 საათზე დაიწყება, ვიტო კოლელიშვილის შეგირდები უელსელ თანატოლებს შეერკინებიან.

„ჯუნიორ ოლ ბლექსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა დამწყები შემადგენლობა თითქმის უცვლელი დატოვა. შეგახსენებთ, ჩემპიონატის წინა ბოლო გასახურებელ მატჩში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ახალ ზელანდიელ თანატოლებს რუსთავში 22:19 სძლიეს.

იმ თამაშში, პირველსავე ტაიმში მცირე დაზიანება მიიღო კვაჭმა ანრი შველიძემ. მის ნაცვლად თამაშში გიორგი აღნიაშვილი ჩაერთო და უელსთან შეხვედრასაც სწორედ ის იწყებს. სხვა მხრივ დამწყები რაზმი უცვლელი დარჩა. ბურჯებად თამაშს გიორგი ტურაშვილი და გაბრიელ რაზმაძე იწყებენ; მეორე ხაზში დავით ბარამია და ნიკოლოზ ჩხორთოლია შეწყვილდებიან; ხოლო მესამე ხაზში გიორგი ზაზაძეს, გუნდის კაპიტან ლუკა ნარსიას და მიხეილ შიოშვილს ვიხილავთ.

ღერძზე თამაშს თემურ ძოძუაშვილი და მათე მახარაძე იწყებენ; ცენტრში დავით ბარბაქაძე და ლეონიდე სალდაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე ავთანდილ ზვიადაძე და ლუკა ტაბატაძე დადგებიან; ფულბეკი კი ნიკოლოზ ხალვაში იქნება.

მწვრთნელებმა მარქაფაში ექვსი მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე გაამწესეს. კვაჭის პოზიციაზე დავით არჩვაძე შევა, ბურჯებს ნიკოლოზ ბალანჩივაძე და ლევან ეზიეშვილი შეცვლიან, მეორე ხაზში ანდრია ბილანიშვილი, ხოლო მესამეში გიორგი არძენაძე და ირაკლი ყოლბაია გაგვაძლიერებენ. 9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზე დაჩი წიკლაურს, ხოლო ხაზში დათა ახვლედიანს ვიხილავთ.

ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში, უმცროს ბორჯღალოსნებს უელსის წინააღმდეგ აქამდე ორჯერ უთამაშიათ. ჩვენთვის სადებიუტო, 2016 წლის ჩემპიონატზე მეტოქის დამარცხებამდე სულ ცოტა დაგვაკლდა (9:10), 2023 წელს კი მე-5 ადგილის ნახევარფინალი 21:40 დავთმეთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი.

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. დავით ბარამია, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. ლევან ეზიეშვილი, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. გიორგი არძენაძე, 21. ირაკლი ყოლბაია; 22. დაჩი წიკლაური, 23. დათა ახვლედიანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართული რაგბის ისტორია უნდა დავწეროთ“ - კაპიტნის ოპტიმისტური განწყობა
„ქართული რაგბის ისტორია უნდა დავწეროთ“ - კაპიტნის ოპტიმისტური განწყობა