მეთერთმეტე ქართველი ლეგენდარულ კლუბში - ხარაიშვილის მეორე გამოძახება
გია ხარაიშვილი ლეგენდარული, 136-წლიანი ისტორიის მქონე სარაგბო კლუბის, “ბარბაროსების” შემადგენლობაში ითამაშებს. “რასინგის” 27 წლის ბურჯმა მიწვევა 27 ივნისს უელსთან “ალიანს სთედიუმზე” გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მიიღო, რომელიც თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ხარაიშვილი “ბარბაროსებში” ერთხელ უკვე იყო გამოძახებული, თუმცა 2021 წელს სამოასთან ამხანაგური თამაში ბოლო მომენტში ჩაიშალა, რისი მიზეზიც მორაგბეებში კოვიდ-ვირუსის დაფიქსირება გახლდათ. მთლიანობაში გია რიგით მეთერთმეტე ქართველი მორაგბე იქნება, რომელიც ამ ისტორიულ გუნდში იასპარეზებს. აქამდე მსგავსი პატივი დავით ქუბრიაშვილმა, გოდერძი შველიძემ, დავით კაჭარავამ, მამუკა გორგოძემ, კონსტანტინე მიქაუტაძემ, დავით ზირაქაშვილმა, მიხეილ ნარიაშვილმა, ანტონ ფეიქრიშვილმა, ბექა გიგაშვილმა და დავით ნინიაშვილმა დაიმსახურეს.
ცნობისათვის, გია ხარაიშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წელს შედგა და მას შემდეგ ბორჯღალოსნების რიგებში 6-ჯერ ითამაშა. გასულ სეზონში კი მან TOP 14-ში „რასინგის“ შემადგენლობაში ჩატარებული 19 მატჩიდან ძირითადში 13 დაიწყო და მოედანზე 862 წუთი გაატარა.