კიდევ ერთი მუნდიალი აშშ-ში - თეთრი სახლი განაცხადს ამზადებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა განაცხადი შეიტანოს 2038 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე, რომელიც წინასწარი ვარაუდით, 64-გუნდიანი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან თეთრი სახლში არსებული 2026 წლის მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ენდრიუ ჯულიანიმ ისაუბრა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„იმ შემთხვევაში, თუ ფიფა და მისი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მართლაც გადაწყვეტს პლანეტის პირველობის ფინალური ეტაპის მონაწილეთა 48-დან 64-მდე გაზრდას, მაშინ ჩვენი ქვეყანა მზად არის ამ გამოწვევასაც გაუმკლავდეს და უმაღლესი დონის შეჯიბრება ჩაატაროს. თუმცა, იქამდე ეს ტურნირი უნდა დავასრულოთ ისევე უმაღლეს დონეზე, როგორც მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან ჩვენს მიმართ ნდობა კიდევ უფრო მოიმატებს“.
შეგახსენებთ, რომ 2038 წლამდე კიდევ ორი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება - 2030-ში მუნდიალს ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო უმასპინძლებენ, თუმცა ტურნირის საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, სამ სასტარტო შეხვედრას პირველი გათამაშების მასპინძელი ქვეყნები, ურუგვაი, არგენტინა და პარაგვაი მიიღებენ. რაც შეეხება 2034 წლის ტურნირს, მისი მასპინძელი საუდის არაბეთი იქნება.