ოფიციალურად | საქართველო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ თბილისის 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ფედერაციის წარმომადგენლები ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ და ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა.
„ისტორიული დღე ქართული ძიუდოსთვის! წლების განმავლობაში გაწეული შრომის, თავდადების, პროფესიონალიზმისა და საერთო მიზნისადმი ერთგულების შედეგად დღეს ბუდაპეშტში ოფიციალურად გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ქართული ძიუდოს ოჯახმა, სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა, ვეტერანებმა, ფედერაციის თანამშრომლებმა და თითოეულმა ადამიანმა, ვინც ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის, ნდობისა და თანამშრომლობისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ისტორიული უფლების მოპოვებაში.
მადლობას ვუხდით ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას (IJF) და მის ხელმძღვანელობას საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისა და ამ შესაძლებლობისთვის - 2029 წელს მსოფლიო ძიუდოს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება სწორედ ჩვენს ქვეყანაში გაიმართება. გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას ქართული ძიუდოს დიდ ოჯახს და ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის ჩვენი ძალისა და მოტივაციის მთავარი წყაროა. 2029 წელს მსოფლიო ძიუდოს გული თბილისში იფეთქებს,“ — ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2026 წლის აპრილში თბილისმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, რაც 2029 წლის მსოფლიო პირველობისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.