4 ბრინჯაო და 1 ვერცხლი - კადეტ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი
ესპანეთის ქალაქ გრან კანარიაში გამართულ კადეტ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედლით დაასრულეს. შეჯიბრების უკანასკნელ დღეს საპრიზო ადგილზე ჩვენი ქვეყნის კიდევ სამი წარმომადგენელი გავიდა.
მაია ღვალაძემ, რომელიც 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა მერვედფინალში ფრანგი ასტან საკოს ძლევით დაიწყო, რასაც ასევე ფრანგი ტერეს-გრას სასა ტატუკილას დამარცხება მოჰყვა. ნახევარფინალი ღვალაძემ უკრაინელ იანა დოვჩუნთან დათმო, ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში დოვჩუნის თანამემამულე იანა ხოლიავკოს მოუგო.
კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ჩვენი ქვეყნის დელეგაციას ნიკა ნიგურიანმა (-90 კგ) მოუტანა, რომელმაც მერვედფინალში სლოვაკ დანიელ ჰეცკოს აჯობა, თუმცა მეოთხედფინალში ლიეტუველ ტაჟიუს ბაბაიცენკოსთან წააგო და დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით იტალიელ ნიკოლო სინიორინისთან და გერმანელ ჟერომ ვოლცთან გაიმარჯვა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვისთვის შეხვედრაში ავსტრიელ ფელიქს შეიბერზე ძლიერი აღმოჩნდა.
ნიგურიანის მსგავსად, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ილია ზაქუტაშვილმაც (+90 კგ) - მერვედფინალსა და მეოთხედფინალში ლიეტუველი გაბრიელ გურცკისა და ესპანეთის სახელით მოასპარეზე გიორგი ლალიაშვილის ძლევის შემდეგ, ილიამ ნახევარფინალი ბულგარელ ცვეტომირ ვალკოვთან დათმო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი სერბ ლუკა დელევიჩს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ქართველი ძიუდოისტებიდან თავი თინათინ გულბანმა (-63 კგ) და გიორგი მჭედლიშვილმა (-73 კგ) გამოიჩინეს, რომლებიც ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.