ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთი
Aa
Aa

მოიგებს თუ არა ხვიჩა ოქროს ბურთს - TalkSport-ის ანალიზი

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა TalkSport-ი ოქროს ბურთის ფავორიტებზე წერს და ხვიჩა კვარაცხელიას წლევანდელი სიურპრიზ-გამარჯვებულად ასახელებს. გამოცემის ვერსიით, ქართველ ფეხბურთელს ჯილდოს მოგების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ჰარი კეინსა და კილიან მბაპეს.

რა წერია სტატიაში:

კეინი და მბაპე ფეხბურთის ყველაზე დიდი ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვების მთავარ ფავორიტებს შორის არიან, მას შემდეგ რაც ორივემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში.

მიუნხენის „ბაიერნში“ ჩატარებული რეკორდული 61-გოლიანი სეზონის შემდეგ, კეინმა პრესტიჟულ ჯილდოზე თავისი პრეტენზია ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების რიგებში გატანილი 6 გოლითაც გაამყარა. თუმცა მას სერიოზული კონკურენცია ელის - ფრანგ მეგავარსკვლავ მბაპესთან ერთად ბრძოლაში მსოფლიო ჩემპიონი ლამინ იამალიც ჩაერთო.

ვინაიდან ბოლო წლებში მსოფლიო ჩემპიონატს „ოქროს ბურთზე“ დიდი გავლენა აქვს, გამორჩეული ზაფხულის შემდეგ ბრძოლაში კეინის თანაგუნდელი ჯუდ ბელინგემი და ფეხბურთის კერპი ლიონელ მესიც ჩაერთვნენ, რომლებიც „ოქროს ბუცისთვისაც“ იბრძვიან.

მოიგებს „კვარადონა“?

მაშინ, როცა „ოქროს ბურთის“ ირგვლივ საუბრებში მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავები დომინირებენ, ევროპული ფეხბურთის ექსპერტმა ენდი ბრასელმა ყურადღება გაამახვილა ფეხბურთელზე, რომელსაც ამ ზაფხულს ჩრდილოეთ ამერიკაში არ უთამაშია.

მან „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, კვარაცხელიას ჯილდოს რეალური პრეტენდენტი უწოდა და ხაზი გაუსვა მის შთამბეჭდავ სეზონს საკლუბო დონეზე. ქართველმა უდიდესი როლი ითამაშა მაისში პსჟ-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვებაში, როდესაც მათ ფინალში „არსენალი“ დაამარცხეს.

კვარაცხელიამ გასულ სეზონში 16 ევროპულ მატჩში 17 გოლში მიიღო მონაწილეობა, რის გამოც კარიერაში პირველად 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბრასელს მიაჩნია, რომ საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდ ტურნირზე მისმა შთამბეჭდავმა ასპარეზობამ იგი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს შორის დააყენა.

ტრანს ევრო ექსპრესზე კვარაცხელიას განხილვისას ბრასელმა თქვა: „თუ მსოფლიოში საუკეთესო არაა, ამასთან ნამდვილად ძალიან ახლოსაა.“

„ვფიქრობ, გქონდეს ბურთთან მუშაობის ასეთი უნარი, ამით გუნდს ამხელა სარგებელი მოუტანო და აკეთო ამდენი შავი სამუშაო უბურთოდ — მეტი რა უნდა გინდოდეს ფეხბურთელისგან? მას ყველაფერი აქვს და ჯერ კიდევ მხოლოდ 25 წლისაა.“

შემდეგ ბრასელმა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მთავარ კანდიდატად დაასახელა და აღნიშნა, რომ მისი შანსები გაიზარდა მას შემდეგ, რაც სხვა ფავორიტებმა ზაფხულში თავისი შანსი ვერ გამოიყენეს. საკლუბო ან სანაკრებო ფეხბურთის უდიდეს ტურნირებზე გამარჯვება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვებაში.

მაგრამ, ვინაიდან კეინმა, მბაპემ, მესიმ და ბელინგემმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას ვერ მიაღწიეს, ბრასელის აზრით, საუბარი ისევ ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება, სადაც კვარაცხელია უპირობო ლიდერი იყო.

მან განაგრძო: „რაც შეეხება „ოქროს ბურთს“, მას შანსი აქვს, რადგან არცერთმა იმ ფეხბურთელმა, ვისაც შეეძლო მისი მოპოვება, ეს ვერ გააკეთა. არგენტინა რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს იგებდეს, მას მესი მოიგებდა. ინგლისს რომ მოეგო, მაშინ გამარჯვებული ან (ჰარი) კეინი, ან შესაძლოა (ჯუდ) ბელინგემი გამხდარიყო. თუ საფრანგეთი მოიგებდა, მაშინ მბაპესაც ექნებოდა შანსი, და შესაძლოა მცირედით მაიკლ ოლისესაც. თუმცა, არცერთი ეს სცენარი არ განხორციელდა. ამიტომ ყურადღება ისევ ჩემპიონთა ლიგაზე გადადის: ვინ იყო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გასულ სეზონში?“

„ის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო“

ბრასელი არ არის ერთადერთი, ვინც კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგებას უწინასწარმეტყველებს — talkSPORT-ის გაბი აგბონლაჰორმა ივლისში მსგავსი მოსაზრება გამოთქვა. „ასტონ ვილას“ ყოფილი გმირის თქმით, 25 წლის ფეხბურთელს სხვა პრეტენდენტებზე მეტი გავლენა ჰქონდა. იგი ამტკიცებდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი იამალი და კეინი თავიანთი გუნდებისთვის ნაკლებად გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ.

აგბონლაჰორმა talkSPORT-ს განუცხადა: „იცით, ვის მივცემდი მე ამ ჯილდოს? [ხვიჩა] კვარაცხელიას. თუ დაფიქრდებით, საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის თამაშითაც თვალს გაახარებდით, მთელი სეზონის განმავლობაში პსჟ-ს რიგებში სწორედ კვარაცხელია იყო. ის იყო ყველაზე გამორჩეული მოთამაშე - უფრო მეტად, ვიდრე ლამინ იამალი, უფრო მეტად, ვიდრე ჰარი კეინი, უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა.“

ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს გაიმართება და საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ისტორიაში პირველად - ლონდონში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს“ | იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩა გამოარჩია
„ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს“ | იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩა გამოარჩია