„10-დან 8 ორთაბრძოლას მოუგებს“ | ცნობილი იუთუბერი იანისა და მერაბის ტრილოგიაზე
მერაბ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას UFC 333-ზე შეეცდება. „მანქანა“ პიოტრ იანს დაუპირისპირდება და მათი ორთაბრძოლა ოფიციალურად დააანონსდა, რაც ცნობილ იუთუბერს, The MMA Guru-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
The MMA Guru, რომელიც მერაბს ხშირად აკრიტიკებს, ვარაუდობს, რომ „მანქანა“ ტიტულს ვერ დაიბრუნებს და იანთან დამარცხდება: „ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ორთაბრძოლა ასე გვიან დაინიშნა, ისაა, რომ იანს სურს, ოქტაგონში ბოლომდე ჯანმრთელი შევიდეს. ვფიქრობ, ჯანმრთელი იანი მერაბს 10-დან 8-ჯერ დაამარცხებს.
ძალიან კონკურენტული ჩხუბი იქნება, თუმცა ზიანის ფაქტორი იანის მხარესაა. თუ პიოტრს ორივე ხელი უმუშავებს, ჯანმრთელია და იმ დარტყმებს ახორციელებს, რომლებიც სურს, გაიმარჯვებს კიდეც. მერაბის დარტყმები იანის დაცვას ვერ გაივლიან და პიოტრს ზიანს ვერ მიაყენებენ. მეორე მხრივ, დვალიშვილის ცხვირს უკეთესი დღეები ნამდვილად ჰქონია. თუ იანის რამდენიმე ჯები გავიდა, მერაბს ცხვირი გაუტყდება.
ახლო რაუნდების შემთხვევაში, დვალიშვილი იქნება მებრძოლი ჭრილობებითა და სისხლით, რაც მსაჯების თვალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. არ მინდა, იანის ფინიშით გამარჯვება ვივარაუდო, თუმცა პიოტრმა კორპუსში განხორციელებული დარტყმებით მერაბს ტკივილი იმდენჯერ მიაყენა, არაფერს გამოვრიცხავ. იანი ამ იარაღს აუცილებლად გამოიყენებს, თუმცა მერაბი კონდიციებს სწრაფად იღდგენს და შესაძლოა, რაუნდები მაინც წაიღოს. ამ ბრძოლაში უპირატესობა იანს აქვს. მან გადაწყვიტა, როდის დაბრუნდეს, მისი კარნახით დაინიშნა ორთაბრძოლა და ვფიქრობ, გაიმარჯვებს. ჩხუბი 5 რაუნდს გაგრძელდება და პიოტრი 4 რაუნდს მოიგებს — 49-46“.
ცნობისთვის, UFC 333 აბუ-დაბიში, 24 ოქტომბერს გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მოვსარ ევლოევის დაპირისპირებაა. მერაბისა და იანის ჩხუბი თანამთავარი მოვლენაა.