Aa
Aa
13 აპრილი 2018  |  12:03

"ევროპა ლიგის" 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია!

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2017-18 წლების სეზონის "ევროპა ლიგის" 1/2 ფინალური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა.

ტურნირზე შემორჩენილი 4 გუნდი შემდეგნაირად დაწყვილდა: "მარსელი"-ზალცბურგი" და "არსენალი"-"ატლეტიკო". "მარსელსა" და "ზალცბურგს" შორის გამარჯვებული ფინალის ნომინალური მასპინძელი იქნება.

წყვილში პირველი დასახელებული გუნდები, პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავენ. 

"ევროპა ლიგის" 1/2 ფინალური სტადიის პირველი მატჩები 26 აპრილს შედგება, ხოლო საპასუხო დაპირისპირებები - 3 მაისს. რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, ის 16 მაისს ლიონში, "პარკ ოლიმპიკ ლიონის" სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

ტურნირზე დარჩენილ გუნდთაგან, მადრიდის "ატლეტიკო" ერთადერთია, რომელსაც ეს გათამაშება მოგებული აქვს, თანაც ეს 2-ჯერ - 2010 და 2012 წლებში მოახერხა. პირველი ტრიუმფისას "როხიბლანკოს" კიკე სანჩეს ფლორესი ავარჯიშებდა და გუნდმა ფინალში ინგლისურ "ფულემს" დამატებით დროში აჯობა. 2012 წელს კი მადრიდელებმა ტიტული დიეგო სიმეონესთან ერთად მოიგეს, როცა გადამწყვეტ შეხვედრაში "ბილბაო" 3:0 გაანადგურეს.

ლონდონის "არსენალი" ამ ტურნირის 1/2 ფინალში მეორედ გავიდა. პირველად ეს 1999-2000 წლების სეზონში მოხდა, როცა  მაშინდელ "უეფას თასზე" "მეთოფეებმა" ფინალშიც გააღწიეს და იქ თურქულ "გალათასარაისთან" პენალტების სერიით დამარცხდნენ.

"მარსელს" საუკეთესო შედეგი 1999 და 2004 წლების "უეფას თასზე" ჰქონდა. ფრანგებმა ფინალური მატჩი ჯერ იტალიურ "პარმასთან" უშანსოდ 0:3 წააგეს, 5 წლის შემდეგ კი "ვალენსიასთან" 0:2 დამარცხდნენ.

"უეფას თასის" ფინალში უთამაშია "ზალცბურგსაც", რომელმაც 1994 წელს მილანის "ინტერთან" ორი მატჩის ჯამში 1:3 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები