ინგლისი არც უხსენებია - ჯერარდმა ფავორიტები დაასახელა
ვეტერან ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა და მათი მხრიდან სხვადასხვა მატჩებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება - ეს თითქმის ყველა ტურნირის მსვლელობისას სხვადასხვა მედია საშუალებების მხრიდან მიღებული პრაქტიკაა და ბუნებრივია, მსგავსი შეფასებების მოსმენა გულშემატკივრებს მსოფლიოს ჩემპიონატის დროს განსაკუთრებით აინტერესებთ. ამჯერად მიკროფონთან „ლივერპულის“ ლეგენდა და ყოფილი კაპიტანი სტივენ ჯერარდი აღმოჩნდა, რომლის პასუხებიც მის სამშობლოში ნამდვილად არ მოეწონებოდათ, რადგან ფავორიტებს შორის ინგლისის ნაკრები არ დაასახელა.
სტივენ ჯერარდი
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ალბათ ხულიან ალვარესი გახდება, საუკეთესო მეკარე კი მისი თანაგუნდელი ემილიანო მარტინესი. მსოფლიოს ჩემპიონატის MVP-ის პრიზის მოგებას წინა მუნდიალის მსგავსად ამჯერადაც ლიონელ მესის ვუწინასწარმეტყველებ, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლამინ იამალს დაასახელებენ. ტურნირის აღმოჩენა სამხრეთ ამერიკის რომელიმე წარმომადგენელი, მაგალითად ურუგვაი გახდება, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონობის მთავარ ფავორიტებად საფრანგეთსა და არგენტინას დავასახელებდი და მათ შორის ერთის გამორჩევას თუ მთხოვთ, ფრანგებს გამოვარჩევ.
ცნობისათვის, ინტერვიუს ბოლოს ჯერარდს აზრი „ოქროს ბურთის“ თაობაზეც ჰკითხეს და მთავარ ფავორიტად ჰარი კეინი დაასახელა, რაც ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი გახლდათ, რადგან ინგლისის ნაკრები თუ ჩემპიონი ვერ გახდება, ჰარის ამ ჯილდოს მოგება ძალიან გაუჭირდება.