ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„გეიჯის ვადამდელი გამარჯვება“ - UFC-ის ანალიტიკოსის მოულოდნელი პროგნოზი

UFC-ის კომენტატორს, ლორა სანკოს სჯერა, რომ ილია თოფურიას წინააღმდეგ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯი შეძლებს იმის გაკეთებას, რაც ზუსტად ერთი თვის წინ მისმა თანამემამულე შონ სტრიკლენდმა ხამზატ ჩიმაევთან დაპირისპირებაში გააკეთა.

„ძალიან მსგავსი შეგრძნებებია. როგორც ანალიტიკოსი, ვაღიარებ: მიჭირს ჯასტინის გამარჯვების აშკარა გზის დანახვა. ეს ნამდვილად არ არის მარტივი. მაგრამ შონ სტრიკლენდისა და ხამზატ ჩიმაევის ბოლოდროინდელმა ბრძოლამ ყველას უნდა შეგვახსენოს, თუ როგორ ხდება ხოლმე ეს. სიმართლე ისაა, რომ დანამდვილებით არავინ არაფერი იცის, ჯასტინი კი - ძალიან, ძალიან სახიფათო ბიჭია.

მარტივია თოფურიას ნოკაუტების სერიაზე ჩაციკვლა და ეს გასაგებიცაა - UFC-ის ისტორიაში ნოკაუტების უფრო შთამბეჭდავი ჰეთ-თრიკი არ ყოფილა. მაგრამ ჯოშ ემეტთან ბრძოლაში მას ის არ დაუნოკაუტებია და ამასთან, სერიოზული დარტყმებიც გაუშვა. შეძლებს თუ არა ის ჯასტინ გეიჯისგან ასეთივე დარტყმების გაძლებას? არ ვიცი. ბევრი გეიჯის დივიზიონში ყველაზე მძიმე დარტყმის მქონე მებრძოლად მიიჩნევს. თანაც, ახლა საუბარია მსუბუქ წონაზე და არა ქვემსუბუქზე. ის ჯეი ჰერბერტმა უკვე გაგზავნა ნოკდაუნში ფეხის დარტყმით ისეთი დისტანციიდან, რომელიც შეიძლება საკრივედ ჩაითვალოს, ჯასტინი კი სწორედ ასეთ დისტანციაზე მუშაობს ბრწყინვალედ.

ხალხი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მას თეთრი სახლის გაზონზე უბრალოდ გაანადგურებენ, გიჟია. ეს ის ბიჭია, რომელიც მთელი გულითაა ამერიკის ერთგული. და ის, რაც მასში ყველაზე მეტად მომწონს თოფურიას ნებისმიერ სხვა მეტოქესთან შედარებით, არის ის, რომ ჯასტინს არც მოვლენის მასშტაბი შეაშინებს და არც თავად ოპონენტი.

როდესაც საქმე გაქვს ადამიანთან, რომელიც შედეგზე არ არის მიჯაჭვული, ეს ძალიან სახიფათოა. ჯასტინ გეიჯი ყოველთვის მზადაა, ბრძოლა კანვასზე პირქვე დამხობილმა დაასრულოს, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა და სწორედ ეს ხდის მას გამორჩეულ და წარმოუდგენლად სახიფათო მეტოქედ ისეთი მებრძოლისთვის, როგორიც ილია თოფურიაა. იმიტომ, რომ ზუსტად ასევე პირქვე დამხობილი შეიძლება თავად ილიაც დარჩეს.

მომწონს ანდერდოგების არჩევა. ჩემში არსებული ანალიტიკოსი მეუბნება, რომ ილია თოფურია გაიმარჯვებს, მაგრამ მაინც ჯასტინ გეიჯიზე დავდებ. ჩემი არჩევანია - ჯასტინ გეიჯის ვადამდელი გამარჯვება თეთრი სახლის გაზონზე“,

- განაცხადა სანკომ MMAJunkie-სთან ინტერვიუში.

მსუბუქ წონაში გამაერთიანებელი ბრძოლა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის იქნება სადღესასწაულო ტურნირის მთავარი მოვლენა, რომელიც 14 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები