„ჩემპიონობას ვუფრთხილდები და ჯერ არსად მივდივარ“ - მახაჩევს ვარჯიში მოენატრა
ისლამ მახაჩევი დიდი ხანია ოქტაგონზე არ გამოჩენილა - ბოლოს მან გასული წლის ნოემბერში იბრძოლა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯეკ დელა მადალენას დამარცხების შემდეგ ქვესაშუალო წონის ჩემპიონიც გახდა. ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ 34 წლის ისლამი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, რაც ამ უკანასკნელმა კატეგორიულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ აქტიური სპორტული ცხოვრება ჯერჯერობით ისევ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
ისლამ მახაჩევი
ჩემთვის მნიშვნელოვანია სპორტიდან ისე წავიდე, რომ წაუგებელი სერია ვერავინ შემიწყვიტოს და საჩემპიონო ქამარი ბოლომდე შევინარჩუნო. რაც შეეხება კარიერის დასრულებას, ჯერჯერობით არ ვიცი ეს როდის მოხდება, რადგან ჩემპიონის ამპლუაში ყოფნა ძალიან მომწონს.
უკანასკნელი ორი-სამი თვის განმავლობაში ვისვენებდი და უნდა ვაღიარო, ასე უქმად ჯდომა ძალიან მომწყინდა - ვარჯიში მომენატრა. პადელს ვთამაშობდი, მოტოციკლით ვსეირნობდი, ცხენებს ვუვლიდი, მაგრამ ეს ყველაფერი მბეზრდება. სამაგიეროდ არ მბეზრდება ის, რასაც მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ და ეს საწვრთნელი პროცესი და ფორმაში ყოფნაა.
ცნობისათვის, დელა მადალენას დამარცხებამდე ისლამ მახაჩევი მსუბუქ წონით დივიზიონში გამოდიოდა, სადაც საჩემპიონო ტიტული პირველად 2022 წლის 22 ოქტომბერს ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით მოიპოვა და მას შემდეგ ქამარი ოთხჯერ დაიცვა, რაც ამ წონაში სარეკორდო მაჩვენებელია.