მარცხი მოქმედ ჩემპიონთან - საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობა დაასრულა
შვიდი შვიდზე ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. მერვედფინალში ქართველ ფეხბურთელებს კონტინენტის მოქმედი ჩემპიონის, პოლონეთის სახით უსერიოზულესი მეტოქე ჰყავდათ და როგორც მოსალოდნელი იყო სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 1:4 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი ჩვენი ქვეყნის გუნდის რიგებში გიორგი ენუქიძის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამიდან მხოლოდ ორი მატჩი გამართა, რადგან ნიდერლანდები თამაშზე არ გამოცხადდა და ჩვენთან ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. დანარჩენ ორ ტურში ბერძნებთან თამაში 0:0 დასრულდა, ხოლო ფრანგებთან ასევე ფრედ, 2:2 ვითამაშეთ, სადაც თითო ბურთი თემურ ექიზაშვილმა და გიორგი ენუქიძემ გაიტანეს.
ცნობისათვის, Socca-ს ევროპის ჩემპიონატს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა მასპინძლობდა და საქართველოს ნაკრები მასტერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.