ვინ შეცვლის ლევანდოვსკის? ბარსას 3 TOP სამიზნე
„ბარსელონამ“ შეარჩია სამი ფორვარდი, რომლებსაც რობერტ ლევანდოვსკის შეცვლა შეეძლებათ.
Mundo Deportivo ამტკიცებს, რომ კატალონიელებს სურთ ხულიან ალვარესის („ატლეტიკო“), ჰარი კეინის („ბაიერნი“) ან ჟოაო პედროს („ჩელსი“) გაფორმება. არცერთი ეს ვარიანტი არ არის გამორიცხული.
კლუბში ესმით, რომ ინგლისელის შეძენა რთული იქნება, თუმცა მას მიუნხენელებთან კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია, რომელსაც ვადა 2027 წელს ეწურება.
არგენტინელის შემთხვევაში საჭირო იქნება, რომ თავდამსხმელმა თავად გამოთქვას გუნდის შეცვლის სურვილი. კატალონიელები მზად არიან ალვარესის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამასთანავე, მასზე პრეტენზიას „პსჟ“ და „არსენალიც“ აცხადებენ, თუმცა „ბლაუგრანაში“ ინარჩუნებენ იმედს, რომ ხულიანის ხელში ჩაგდებას შეძლებენ.
„ბარსელონას“ ჰქონდა კონტაქტი ჟოაო პედროსთანაც და მიანიშნა, რომ დაინტერესებულია მისი შეძენით, თუმცა „ჩელსი“ არ არის განწყობილი თავდამსხმელის გასაყიდად.
წყარო აღნიშნავს, რომ თუ ამ სამეულიდან არავის შეძენა არ გამოვა, კატალონიელები სათადარიგო ვარიანტებზე გადაერთვებიან.