ძალადობის საქმე - მბაპემ ჰაკიმის მხარდასაჭერად ჩვენება შეცვალა
„პსჟ-ის“ მცველი აშრაფ ჰაკიმი პარასკევს ვერსალის სასამართლოს წინაშე წარსდგა გაუპატიურების ბრალდების მოხსნის თაობაზე შუამდგომლობისთვის.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის გოგონას გაუპატიურების ოფიციალური ბრალდება ფეხბურთელს 2023 წელს წარედგინა. ამის შემდეგ იგი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ფეხბურთელის სახლში მის მიერ გამოძახებული ტაქსით მივიდა. იქ „სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა“, მოთამაშემ სტუმრის ტუჩებში კოცნა დაიწყო, ტანსაცმელი გახადა და მკერდზე ეფერებოდა, პროტესტის მიუხედავად. ასევე, ჰაკიმიმ მასში თითებით შეღწევა განახორციელა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, თავისი შუამდგომლობის დასასაბუთებლად ჰაკიმიმ წარადგინა კილიან მბაპეს მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელშიც ეს უკანასკნელი თავის ყოფილ თანაგუნდელს იცავს. ამ წერილში „რეალის“ ფორვარდს სიცხადე შეაქვს თავის პირველად ჩვენებაში, რომლის საფუძველზეც გასული წლის თებერვალში გამომძიებელმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება ჰაკიმის საქმის სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ. იმ მომენტში მოსამართლემ მიიჩნია, რომ მბაპეს განცხადებები ადასტურებდა მომჩივნის ჩვენებას და ამავდროულად ეწინააღმდეგებოდა თავად ჰაკიმის მიერ გადმოცემულ ვერსიას.
მაშინ ფრანგმა ისაუბრა მაროკოელი ფეხბურთელის სიტყვებზე, რომ მან აკოცა გოგონას და შეეხო მის „ინტიმურ ადგილებს“. ჰაკიმიმ დასძინა, რომ არცერთ მომენტში არ უგრძნია მისი მხრიდან უარყოფის ნიშნები. თავის წერილობით განმარტებაში მბაპე აღნიშნავს, რომ ჰაკიმი საუბრობდა ზოგადად და არა კონკრეტულად „მის ინტიმურ ადგილებზე“, და თან არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა სასქესო ორგანოებს.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჰაკიმის ადვოკატმა, ფანი კოლენმა, დაადასტურა, რომ მათ წარადგინეს ახალი მტკიცებულებები საქმის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის მხარდასაჭერად. სააპელაციო გადაწყვეტილებას 19 ივნისს ელოდებიან, როდესაც აშრაფი მაროკოს ნაკრების განკარგულებაში იქნება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს.